
თავდაცვის სამინისტროში რეფორმები მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებისა და რეფორმების შესახებ პროექტი დღეს სასტუმრო “თორში” შეკრებილ საზოგადოებას თავდაცვის პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა წარმოადგინა.
მისი ინფორმაციით, მთავარი საკითხებია თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, ნატოში ინტეგრაცია და საქართველოს მშვიდობისმყოფელთა მონაწილეობა ერაყისა და კოსოვოს სამშვიდობო პროცესებში.
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ის, რომ დღესდღეობით ქართველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოსა და ერაყში. ივნისის თვეში ერაყში მყოფ 159 სამხედროს 500-მდე პირი დაემატება. ეს ხელს უწყობს ჩვენ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ნიკოლოზ ლალიაშვილმა.
ასევე სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად რჩება ნატოში ინტეგრაცია. ამისათვის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის წარდგინება ივნისში ქალაქ სტამბულში ნატოს სამიტზე მოხდება.
“თუ მოხდება რეკომენდაციების და პროგრამების განხორციელება, მალე საქართველო გახდება ნატოში გაწევრიანების სტატუსის მქონე ქვეყნება, რის შემდეგაც ინტეგრაციამდე ერთი ნაბიჯი რჩება. ეს პროგნოზი საფუძველს მოკლებული არ არის”, – განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სამინისტროში მიმდინარე რეფორმების საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა საკითხებთან ერთად უფლებამოსილების გამიჯვნას სამოქალაქო სტანდარტებზე გადასულ სამინისტროსა და გენერალურ შტაბს შორის.
“სამინისტრო იქნება პოლიტიკის გამტარებელი, სამხედრო საკითხების განხორციელება კი მხოლოდ გენერალურ შტაბში მოხდება. ეს უფრო გაადვილებს და ეფექტურს გახდის მუშაობას”, – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
“ახალი პროექტი ჯარის რაოდენობის მკვეთ შემცირებას ითვალისწინებს. გვეყოლება უფრო ნაკლები, მაგრამ ბრძოლისუნარიანი და მაღალ დონეზე აღჭურვილი სამხედრო ნაწილები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის”, – დასძინა ლალიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, სულ ჯარში მოსამსახურე პირთა რაოდენობა 15 ათასი იქნება.