
ზურაბ ჟვანია მოსკოვში მიემგზავრება
25 ოქტომბერს 09.35 სთ-ზე საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით მოსკოვს მიემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ვიზიტი ხორციელდება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, გენადი სელეზნიოვის მიწვევით. ვიზიტის მსვლელობისას მოსალოდნელია საქართველოსა და რუსეთის პარლამენტების სპიკერთა ერთობლივი განცხადების გაკეთება, რომელშიც გაკეთდება აქცენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის აუცილებლობაზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ელდარ შენგელაია, ფრაქცია “აფხაზეთის” ლიდერი გივი ლომინაძე, ფრაქცია “ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, ფრაქცია “მრეწველების” წევრი ზურაბ ტყემალაძე, ფრაქცია “სოციალისტის” წევრი ვახტანგ კვიციანი და ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე. პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძეს განცხადებით, ამ ვიზიტმა, პრაქტიკულად, უნდა მოამზადოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომლის ზუსტი თარიღიც ჯერ ცნობილი არ არის. საქართველოს პარლამენტთან დაახლოებული პირის ცნობით, გენადი სელეზნიოვმა გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის ოფიციალური მოწვევის გაგზავნის შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის შედეგად მიიღო. რაც შეეხება ვიზიტის დღის წესრიგს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის რუს კოლეგას 26 ოქტომბერს შეხვდება. ვიზიტის მსვლელობისას გათვალისწინებულია შეხვედრები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციათა ხელმძღვანელებთან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. მოსკოვში ყოფნისას ზურაბ ჟვანია გამართავს პრესკონფერენციას რადიოსადგურში “ეხო მოსკვი”. საქართველოს დელეგაცია თბილისში 28 ოქტომბერს დაბრუნდება.