ახალი ამბები

„თავისუფლების მოედანი“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა

მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა პოლიტიკურ პარტიად, ამის შესახებ მისმა „ფეისბუქის“ გვერდმა და პარტიის ლიდერებმა 19 ნოემბერს განაცხადეს. მანამდე საჯარო რეესტრმა მოძრაობას დარეგისტრირებაზე ორჯერ უთხრა უარი.

„ვაჯობეთ სისტემას, რომელსაც მოუწია უკვე ფორმალურადაც ეღიარებინა უკვე არსებული რეალობა: „თავისუფლების მოედანი“ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა“, – დაწერა პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ „ფეისბუქზე“.

„აქამდეც როგორც პარტია ისე ვმუშაობდით, მაგრამ ეს დაგვეხმარება საორგანიზაციო საკითხებში, მაგალითად დაინტერესებული ხალხის გაწევრიანებაში, ფონდების მოძიებაში და სხვა“, – დაწერა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, სიმონ ჯანაშიამ.

„თავისუფლების მოედანი“ პოლიტიკურ მოძრაობად, თავდაპირველად, 2024 წლის 1 ივლისს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაარსდა. არჩევნებზე ის ოპოზიციური კოალიციის „ძლიერი საქართველოს“ შემადგენლობაში იყრიდა კენჭს. მოგვიანებით მან კოალიცია დატოვა და 2025 წლის 8 მარტს, პარტიის ყრილობის შემდეგ, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, „თავისუფლების მოედანი“ საჯარო რეესტრიდან ოფიციალურ რეგისტრაციას ელოდა, რომელმაც მისი განაცხადი ორჯერ არ დააკმაყოფილა.

განმეორებითი უარის შემდეგ, მან „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ჩარევაში დაადანაშაულა, პარტიის ლიდერებმა კი განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიკერძოებული იყო და პოლიტიკურ პროცესში მათი მონაწილეობისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად.

This post is also available in: English

Back to top button