
სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომში ჰოლანდიელი ჟურნალისტის დაღუპვის საქმეზე რუსეთის ბრალი დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ასპექტი, რადგან „არ გადადგა არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ ჰოლანდიელი ფოტოჟურნალისტის სტენ სტორიმანსის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად. ეს უკანასკნელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისას მოკლეს.
ოპერატორი სტენ სტორიმანსი, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორში მოკლეს, კასეტური ბომბის მსხვერპლი გახდა. ეს ბომბი იმ ტიპის რაკეტიდან იქნა გამოსროლილი, რომელიც ”მხოლოდ რუსეთის სამხედრო არსენალში მოიპოვება”. სტორიმანსის ორი კოლეგა იმავე ინციდენტის დროს დაშავდნენ.
„ამ ბრალდებების სიმძიმისა და ნიდერლანდების გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადადგა არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინციდენტის გარემოებების გასარკვევად და მათი რეაგირება ზოგადი უარყოფითა და დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნით შემოიფარგლა“, – განაცხადა სასამართლომ 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი, რაც გულისხმობს საქმის ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების დარღვევას, და რუსეთს სტორიმანსის ქვრივისა და შვილებისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ევროს გადახდა დააკისრა. იგივე თანხა უნდა გადაუხადოს რუსეთმა სტორიმანსის ორ კოლეგას, თითოეულს, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
This post is also available in: English