
„ქართული ოცნება“ ელჩების გაძევებას „კონტრპროდუქტიულს“ უწოდებს
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „მოსახლეობის მოთხოვნის“ მიუხედავად, ელჩების ქვეყნიდან გაძევება „კონტრპროდუქტიული“ იქნება, თუმცა პარალელურად ისინი ჩარევასა და „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მოქმედებაში დაადანაშაულა.
„საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება, ვიდრე, ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
„ცხადია, კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება“, – განაცხადა კირცხალიამ და დასძინა, რომ „არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა, ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები დაძაბოს“.
„ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვიდრე ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე, რადგან უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიღწვით“, – განაცხადა კირცხალიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „კატეგორიულად მიუღებელია არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც ჩვენ საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ“.
კირცხალიას ბრიფინგის პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და დასავლელ დიპლომატებს შორის ხანმოკლე შეხვედრა მიმდინარეობდა. დამსწრეებს შორის იყო ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. ღონისძიებას დიპლომატიური მისიების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი და დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იქ არ იმყოფებოდნენ.
საგარეო უწყების ინფორმაციით, უცხოელ დიპლომატებს 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისა და არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
This post is also available in: English