
სახელისუფლებო მედიის მიერ ოპოზიციის შეხვედრების გაშუქების შემდეგ, „ქართული ოცნება“ დასავლელ ელჩებს უტევს
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააძლიერეს თავდასხმები დასავლელ ელჩებზე და ისინი შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო მედიამ ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან მათი სავარაუდო შეხვედრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
16 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც წინა დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო დააკავეს, დაპატიმრებამდე ნიდერლანდების ელჩ მელინე არაქელიანს მის რეზიდენციაში ესტუმრა.
„ეს არის სხვა არაფერი თუ არა რადიკალიზმის მორიგი წახალისება, ეს არის, რა თქმა უნდა, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, ეს არის პირდაპირი ჩარევა დემოკრატიულ არჩევნებში“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხოშტარიასა და არაქელიანის სავარაუდო შეხვედრის შესახებ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „გამაოგნებელი“ უწოდა იმ ფაქტს, როდესაც „უცხო ქვეყნის აკრედიტებული დიპლომატი ექსტრემისტ პოლიტიკოსს არაფორმალურ გარემოში ხვდება მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა“.
მოგვიანებით, იმავე დღეს, „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „შემთხვევით გადაიღო“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძისა და „ფედერალისტების“ წარმომადგენლის გიგა ბოკერიას „ფარული შეხვედრა“ ბრიტანეთის საელჩოში, როდესაც ისინი შენობას ტოვებდნენ. „ბარამიძე ამბობს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს 4 ოქტომბრის აქციაზე ესაუბრა“, – აცხადებს „იმედი“.
This post is also available in: English