ახალი ამბები

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა, ხელისუფლებას საგანგებო სიტუაციებზე არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ

20 თებერვლიდან ძლიერმა თოვლმა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლები, განსაკუთრებით გურიის რეგიონი ჩაკეტა, რის გამოც მოსახლეობა გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. სამთავრობო უწყებებმა გასულ პარასკევს, 21 თებერვალს, ამინდის გაუარესების თაობაზე გაფრთხილება გაავრცელეს, თუმცა გადაუდებელი დახმარებისთვის მობილიზება ვერ მოახერხეს.

საგანგებო ვითარების ხუთი დღის თავზე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ 25 თებერვალს მიიღო განკარგულება სიტუაციის სამართავად არმიის მობილიზების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ მოსახლეობის დასახმარებლად, რომელიც გარე სამყაროს მოწყვეტილია.

ზოგიერთ სოფელში თოვლის სიმძიმის გამო სახურავები ჩამოინგრა. ზოგ ადგილებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღემატება. ბევრგან თოვლით დაფარული გზები წაქცეული ხეებით ჩაიკეტა, რაც სასწრაფო დახმარების მანქანებს გავლის საშუალებას არ აძლევს.

რეაგირების ნაკლებობას მოსახლეობის აღშფოთება მოყვა

მას შემდეგ, რაც დიდთოვლობა დაიწყო, სოციალურ ქსელებში მუდმივად ითხოვენ დახმარებას, რადგან მოხუცები საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ, ხოლო სახურავები დიდთოვლობის გამო ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, გურიაში, სოფელ კონჭკათში სახურავის ჩამონგრევის შედეგად შუახნის მამაკაცი, რომელიც ხანდაზმულ მეზობელს სახურავის გადაწმენდაში ეხმარებოდა, დაიღუპა.

25 თებერვალს, გურიაში, სოფელ ჯაფარეულში, ადგილობრივი მედიის ცნობით, დიაბეტით ქალი გარდაიცვალა, ვინაიდან ინსულინის შეძენა ვერ მოახერხა. ქალი თავის მოხუც დედას უვლიდა, რომელიც ახლა სახლში მარტო დარჩა, მეზობლები კი დიდთოვლობის გამო მასთან მისვლას ვერ ახერხებდნენ.

„არაფრის იმედი არ გქონდეთო გამგებელმა. ტრაქტორები არ არისო…მოწყვეტილი ვართ სამყაროსო. რაც გინდათ მიქენითო… ესაა პასუხი,რაც გვითხრეს.ეხლა ჩემი 80 წლის მამა კვალავს გზას, სადაც 1.5 თოვლია“, – წერს ირმა ხომერიკი გურიის სოფელ ორმეთიდან სოციალურ ქსელში.

„.ველოდებით მაშველებს… ვიხრჩობი თოვლში..ჩაკეტილი ვარ ორი დღეა…“, – წერს ანა ბერიძე სოციალურ ქსელში 25 თებერვალს.

„ჩემს გვერდითა მეზობელს სახლი დაენგრა!“, – წერს ნუნუჩია წულაძე სოფელ შემოქმედიდან ფეისბუქზე. „ღმერთის წყალობით ყველა უვნებელია!“

პოლიტიკური გამოხმაურება

ბევრი ქართველი, რომელიც უკვე თითქმის სამი თვეა საპროტესტო აქციებს მართავს, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვაზე, იმდენად არიან ორიენტირებული რეპრესიებზე, რომ მოქალაქეები ყურადღების მიღმა დარჩათ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, ყველა საშუალებები რაც გააჩნია სახელმწიფოს გადართულია რეპრესიაზე და მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენაც გვიწოდებს 112-ის გზავნილი“.

ხელისუფლება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს. „სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!“, – წერს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. „დღეს ისევ ერთმანეთის იმედზეა ხალხი დარჩენილი! დახმარებას ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და თავდადებით თუ მივიღებთ! ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს დანაშაულებრივი და არაფრის მაქნისი რუსული ხელისუფლება“.

„სახელმწიფო პასუხისმგებლობას ირიდებს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, რაც უშუალოდ მისი ვალდებულებაა“, – აცხადებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია.

იმავდროულად, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო „სრულად მობილიზებულია“. „სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე იმ ზიანის აღმოსაფხვრელად, რომელიც ასეთ დროს გვაქვს ხოლმე სახეზე“, – განაცხადა მან.

„სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და მას ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. „ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები“.

This post is also available in: English Русский

Back to top button