
ევროკავშირის მსგავსად, საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლას ნორვეგიაც შეუჩერებს
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერა, „ნორვეგიაც განიხილავს პარალელური ნაბიჯების გადადგმის საკითხს“, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 თებერვლის განცხადებაში.
განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას და შემდეგ ახსენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, რასაც ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი პროტესტი მოყვა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია ხელისუფლების „სასტიკი ძალადობა“ დემონსტრანტების მიმართ, მათ შორის 2 თებერვალს აქცია თბილისის შესასვლელთან.
ნორვეგია აქამდე უკვე გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ „შემაშფოთებელ მოვლენებს“ რამდენიმე ნაბიჯით, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებასთან ახალი თანამშრომლობის პროექტების განუახლებლობით და მისთვის ფინანსური მხარდაჭერის შემცირებით. ამასთანავე, ქვეყანამ გაზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, შეაჩერა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და შეამცირა პოლიტიკურ დონეზე კონტაქტები.
გარდა ამისა, ნორვეგია ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეუთოს ვენის მექანიზმი აამოქმედა და ხელისუფლებას ვადა მისცა გარკვეულ კითხვებზე, მათ შორის ქვეყნის ვალდებულებებთან დაკავშირებით, საპასუხოდ.
ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო რეჟიმი 27 იანვარს შეუჩერა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ შენგენის ზონაში შესვლა აღარ შეუძლია, მათ ამის გაკეთება ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ, რომლებსაც ისინი ასევე ფლობენ. ევროკავშირს მოუწოდეს, რომ არ დატოვოს ეს ხვრელი ხელისუფლებისთვის და შეადგინოს იმ პირთა სია, რომლებსაც ინდივიდუალურად აეკრძალებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლა, თუნდაც ჩვეულებრივი პასპორტებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)