
iFact-ის გამოძიება ვარაუდობს, რომ რუსული ნავთობი ევროპაში საქართველოს გავლით აღწევს
საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე ორიენტირებულმა ადგილობრივმა მედიასაშუალება iFact-მა 22 იანვარს გამოაქვეყნა საგამოძიებო ანგარიში სახელწოდებით „უჩინარი ტვირთი: სანქცირებული ნავთობის გზა რუსეთიდან ევროპისკენ“, სადაც გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსული ნავთობი ევროპაში საქართველოს გავლით აღწევს.
iFact-ის მონაცემებით, 2023-2024 წლებში საქართველოდან ესპანეთში 99 000 ტონა ქართული წარმოშობის ნავთობი შევიდა, ჯამში, 49 მილიონი ევროს ღირებულების.
მედიასაშუალება ორ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს: 1. საქართველო ამ რაოდენობის ნავთობს არ მოიპოვებს; 2. ექსპორტის ეს მონაცემები არ იძებნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბაზაში, მაგრამ იძებნება ესპანეთისაში.
iFact აღნიშნავს, რომ რუსეთიდან ნავთობის პირდაპირ იმპორტზე საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, გამონახეს სანქცირებული პროდუქტის რეალიზაციის ირიბი გზები. მიმართულება რუსეთი-ევროპა ასე შეიცვალა – რუსეთი-მესამე ქვეყანა-ევროპა. ტვირთი კი უცვლელი დარჩა.
ნავთობის ექსპორტის ზრდა
iFact აღნიშნავს, რომ კვლევის პროცესში ხუთი თვის განმავლობაში შეისწავლეს ქართული, საერთაშორისო და ევროპის ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკა, შეადარეს ოთხი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბაზის ათასობით მონაცემი, შეისწავლეს ნავთობის იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიები, დააკვირდნენ რუსული ტვირთის მოძრაობას საქართველოს ტერიტორიაზე, და ესაუბრნენ სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებში გარკვეულ სპეციალისტებს.
საბოლოოდ მედიასაშუალებამ გამოავლინა, რომ:
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოდან ევროპის ქვეყნებში ნავთობის ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა;
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოში ნავთობის ნომერ პირველი იმპორტიორობას – როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო გადაზიდვებით;
- საქართველოდან ევროპაში ნავთობის იმპორტ-ექსპორტის შესახებ საქსტატის მიერ ოფიციალურად გავრცელებული მონაცემები არ ემთხვევა გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის ოფიციალური ბაზის და სხვა ავტორიტეტული ბაზების მონაცემებს;
- საქართველოში რუსეთიდან შემოდის ქართული მხარის მიერ ოფიციალურად რეგისტრირებულზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი;
- ევროპაში ქართულად “საღდება” იმაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი, ვიდრე საქართველო მოიპოვებს.
შეუსაბამობა ქართულ და საერთაშორისო მონაცემებში
რამდენიმე მონაცემთა ბაზის, როგორიცაა volza. com, comptradeplus.un.org და სხვა შედარებისას iFact-მა აღმოაჩინა, რომ გარკვეული მონაცემები საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკას არ ემთხვევა. „გაეროს ვაჭრობის პორტალზე თუ საქართველოს მივუთითებთ, როგორც მონაცემების წარმდგენ მხარეს, მაშინ ინფორმაცია ემთხვევა საქსტატის რიცხვებს. მაგრამ, თუ ესპანეთს მოვნიშნავთ ინფორმაციის წარმდგენად და მოვძებნით, რამდენი ტონა ან რა ღირებულების ნავთობი შევიდა იმპორტით საქართველოდან ესპანეთში, სისტემა სულ სხვა მონაცემებს აჩვენებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
გამოცემა აცხადებს, რომ საქსტატის ბაზის თანახმად, საქართველოდან ესპანეთში 2023 წელს ნავთობი ექსპორტზე არ გასულა. საერთაშორისო ბაზებში კი ჩანს, რომ საქართველოდან ესპანეთში მხოლოდ ამ წელს 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი შევიდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სტატისტიკურ ინფორმაციას სხვადასხვა უწყებებიდან აგროვებს. ამ შემთხვევაში ვაჭრობის სტატისტიკა მას შემოსავლების სამსახურმა უნდა მიაწოდოს. თუ საქსტატს უწყებები არ/ან მხოლოდ ნაწილობრივ მიაწვდიან ინფორმაციას, ის ვერ შეძლებს ბაზებში რეალური სტატისტიკა ასახოს.
როგორ აიხსნება შეუსაბამობა?
უცხოური მონაცემების განმარტებისთვის iFact-მა მიმართა როგორც „საქსტატს“, ისე შემოსავლების სამსახურს. საქსტატის პასუხის თანახმად, მსგავსი აცდენა, შესაძლოა, გამოიწვიოს სამკუთხა ვაჭრობამ საქონლის გადაყიდვით ან გადაყიდვის გარეშე.
გამოცემა განმარტავს, რომ სამკუთხა ვაჭრობა საქონლის გადაყიდვით ხდება მაშინ, როცა, დავუშვათ, რუსულმა კომპანიამ ნავთობი მიჰყიდა ქართულ კომპანიას, ქართულმა კი გადაყიდა იტალიურზე. თუმცა, საქონელი ფიზიკურად საქართველოში არასდროს შემოსულა, პირდაპირ რუსეთიდან ჩავიდა იტალიაში. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ოფიციალურ მონაცემებში არ იქნება ასახული ეს ტვირთი, რადგან ის არასდროს შემოსულა ქვეყნის ტერიტორიაზე.
სამკუთხა ვაჭრობა გადაყიდვის გარეშე ნიშნავს: თუ საქონელი ექსპორტირებულია რუსეთიდან საქართველოში, ხოლო შემდეგ გაიყიდება და გაიგზავნება იტალიაში. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, იტალიამ მიუთითოს, რომ ტვირთი მიიღო რუსეთიდან, რუსეთმა დაარეგისტრიროს ექსპორტი საქართველოში და საქართველომ – ექსპორტი იტალიაში. საბოლოოდ, იქმნება ასიმეტრია ქვეყნების სტატისტიკურ მონაცემებს შორის და ვიღებთ სხვადასხვა ვერსიას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა კითხვაზე საერთოდ არ უპასუხა.
რას ამბობენ ექსპერტები?
საკითხის შემდგომი განმარტებისთვის გამოცემამ ექსპორტ-იმპორტისა და ნავთობით ვაჭრობის საკითხებში ჩახედულ ადამიანებს მიმართა, თუმცა ვინაიდან მათი დიდი ნაწილი დღესაც სამთავრობო უწყებებში მუშაობს და სამსახურის დაკარგვის შიშით ღიად საუბარს ვერ ახერხებენ, მათი ვინაობა ანგარიშში გამხელილი არ არის. წყაროებმა iFact-ს აუხსნეს, რომ შესაძლოა, გემი ტვირთის გაყიდვამდე გავიდეს ზღვაში და შესაბამისად, ეკიპაჟმა ნავთობპროდუქტის საბოლოო დანიშნულების ადგილი არ იცოდეს. შემდეგ გემის კაპიტანს მფლობელი ეუბნება, რომ მან ნავთობი გზაში გაყიდა. ტვირთი, ნეიტრალურ წყლებში, სადაც არცერთი ქვეყნის საბაჟო იურისდიქცია არ ვრცელდება, სხვა ტანკერზე მილით იტვირთება, ამას Ship-to-Ship Transfer (STS) ეწოდება.
ეს ნავთობის გზაშივე გაყიდვის სრულიად ლეგალური გზაა, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომამდეც მიმართავდნენ. თუმცა, სანქციების შემდეგ რუსული ნავთობის გაყიდვის შავ ხვრელად იქცა.
ქართული ნავთობი ევროპაში
iFact აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა საქართველოს ნავთობის მარაგი 2016 წელს 35 მილიონი ბარელი იყო, ბოლო წლებში ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ვერ შეიცვლებოდა. „თვალშისაცემად რაც იზრდება, ესაა იმპორტი და ექსპორტი. რაც აჩენს ეჭვს, რომ შემოტანილ ნავთობს შემდეგ სხვა ქვეყნებში ვყიდით. საქართველოს საგარეო ვაჭრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2021 წლის შემდეგ 1 465 პროცენტით გავზარდეთ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მთლიან მსოფლიოში კი – დაახლოებით, 440 პროცენტით“, – ნათქვამია ანგარიშში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)