
სსო-ები სასამართლოში უფლებების დარღვევასა და საჯარო მოხელეების გათავისუფლებაზე შეშფოთებას გამოხატავენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს თბილისსა და ბათუმში 16 პირის დაკავებასთან და საჯარო მოხელეთა გათავისუფლებასთან დაკავშირებით. სსო-ებმა დარღვევებისა და პოლიტიკური დევნის ნიშნებზე გაამახვილეს ყურადღება და განაცხადეს, რომ ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ და მათ ყველა საჭირო დოკუმენტაციას მიაწვდიან.
ამ თემაზე 13 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დეტალურად ისაუბრა 10-11 იანვრის სასამართლო პროცესებზე გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ. გიგაურმა ასევე ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების ქეთევან ჯაჭვაძისა და ირაკლი ხუსკივაძის ქმედებებზე, რომელთაც უამრავი პროცედურული ხარვეზის მიუხედავად 19 პირის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ორივე საქმეზე პროკურორები იყვნენ გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა. ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი ძირითადი საკითხებია:
- პროკურორების პოზიციები დაუსაბუთებელი იყო და ვერც ერთმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ;გაამართლებდა;
- მოსამართლეებმა საჯაროდ დაიკავეს პოზიცია სხდომის დაწყებამდე;
- ადგილი ჰქონდა საჯაროობის პრინციპის დარღვევას, მიუხედავად საქმისადმი საზოგადოების მნიშვნელოვანი ინტერესისა. სხდომათა დარბაზი მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც 11 იანვრის სასამართლო სხდომაზე 19 წლის ბრალდებული მიმინოშვილი ცუდად გახდა უჰაერობის გამო;
- დაფიქსირდა სამართლებრივი დაცვის უფლების შეზღუდვა, რადგან გადაჭედილი დარბაზების გამო, შეფერხებული იყო ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის სათანადო კომუნიკაცია. გიგაურმა აღნიშნა, რომ მოსამართლეებს ჰქონდათ ინფორმაცია ამის თაობაზე, თუმცა საკითხი ვერ მოაგვარეს.
გიგაურმა ასევე ისაუბრა ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავებულ პირებს არ მიეცათ ადვოკატთან დაუყოვნებელი წვდომა და, გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა გაზეთ „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეს, რომლის მიმართაც „რეპრესიული ზომები“ განხორციელდა და რომლის უფლებებიც დაირღვა. მის საქმესთან დაკავშირებული მასალები ჟურნალისტების უფლებების დამცველ 20-ზე მეტ საერთაშორისო ორგანიზაციას გაეგზავნა.
სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე „რეპრესიებზე“ ისაუბრა. ლომჯარიამ განაცხადა, რომ ათობით საჯარო მოხელე „პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს“, მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში გათავისუფლების ფორმალურ საფუძვლად მითითებულია ხელშეკრულებების ვადის გასვლა. ფაქტობრივად კი, სამსახურებიდან დაითხოვეს ის საჯარო მოსამსახურეები რომლებმაც ხელი მოაწერეს შესაბამისი სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა; მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში; საჯაროდ, მათ შორის სოციალურ მედიაში აკრიტიკებენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგებბის მიმართ, აღნიშნა მან.
ლომჯარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სსო-ები აქტიურად მუშაობენ დისკრიმინაციული ნიშნით საჯარო მოხელეების პოლიტიკურ დევნაში ჩართული პირების სიის გამოსავლენად. მან იმ სახელმწიფო ორგანოების სია წარმოადგინა, რომელთაც დისკრიმინაციული მოტივით საჯარო მოხელეები გაათავისუფლეს. ესენია: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; თბილისის მერიის სამსახურები; სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო; ცენტრალური საარჩევნო კომისია; აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი; საქართველოს პარლამენტი; საგარეო საქმეთა სამინისტრო; იუსტიციის სახლი; საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112; რუსთავის მუნიციპალიტეტი; ადიგენის მუნიციპალიტეტი; სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; შინაგან საქმეთა სამინისტრო; ექსპერტიზის ეროვნული ბიურო; სსიპ იურიდიული დახმარების ბიურო; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური; მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/01/2025 – გაზეთის დამფუძნებელზე გამოძიება სისხლის სამართლის ბრალდებით მიმდინარეობს
- 10/01/2025 – სასამართლომ 11 მომიტინგეს პატიმრობა შეუფარდა
- 23/12/2024 – სსო-ები საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში არასათანადო მოპყრობას გმობენ და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)