skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „ქართულ ოცნებას“ „ანტიამერიკულ მთავრობას“ უწოდებს და შედეგების შესახებ აფრთხილებს

21 მაისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენ ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ „ანტიამერიკულ მთავრობად“ მოიხსენია.

„უკვე 200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები გმირულად გამოდიან ქუჩაში, ხელში უკავიათ ამერიკის დროშები და პრეზიდენტის [ტრამპის] პოსტერები“, – განაცხადა უილსონმა. მან ჰკითხა რუბიოს, რას გააკეთებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მისი ხელმძღვანელობით, რათა “ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას საქართველოს ხალხის სახელით დაეკისროს რეალური პასუხისმგებლობა”.

რუბიომ უპასუხა: „დავუბრუნდები, რაც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ, ამით ვიხელმძღვანელებთ და ვიკითხავთ, არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ამ მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და „ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. ახლა კონკრეტული განცხადება არ მაქვს, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განხილვის პროცესშია“.

„კიდევ ერთხელ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ წარმომადგენლობას, რომ მივიღოთ რეკომენდაციები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელზეც მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად ექნება რეაგირება”, – განაცხადა რუბიომ.

მოსმენის დროს უილსონმა „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და „ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაციაში“დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „გაყარა ამერიკული კომპანიები, დაბლოკა ვაჭრობა და მინერალებზე წვდომა შუა დერეფანში და საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდა“ და „არაერთხელ სწამებდა ცილს პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის ხელმძღვანელობას“.

რუბიოს განცხადება ვაშინგტონსა და თბილისს შორის დემოკრატიული უკუსვლის, „ქართული ოცნების“ გაძლიერებული რეპრესიებისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო გამწვავებული დაძაბულობის ფონზე გაკეთდა. 6 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტი მიიღო, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

13 მაისს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართა. კობახიძე MEGOBARI აქტს აკრიტიკებს და კანონმდებლობას „აბსურდულს“ უწოდებს, რომელიც მისი თქმით, „მტრულად არის გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ“. წერილში გამოხატულია მთავრობის წუხილი იმასთან დაკავშირებით,  რომ მისი წინადადება აშშ-სთან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ აღდგენის შესახებ უგულებელყოფილ იქნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button