უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 26 წლის ზურაბ შვანგირაძე ემსხვერპლა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს. იგი 8 ნოემბერს, საავადმყოფოში თითქმის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა და 19 ნოემბერს თბილისში დაკრძალეს.
მისმა თანამებრძოლმა, კოკა მურაჩაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ზურაბ შვანგირაძე სექტემბრის მიწურულს, ბახმუტის მიმართულებით, ერთ-ერთი დავალების შესრულებისას დაიჭრა. „რამდენიმე მებრძოლთან ერთად იმყოფებოდა ოპერაციაზე, ე.წ. შენობის წმენდაზე. სწორედ იქ დაჭრა რუსმა სამხედრომ. სახეში მოარტყა ტყვია. ევაკუაციის შემდეგ დნეპრში, კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, თუმცა, სამწუხაროდ, მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო“, – განაცხადა მურაჩაშვილმა.
ზურაბ შვანგირაძე მოტომრბოლელი და ავტომექანიკოსი იყო. უკრაინაში პირველად 2022 წელს წავიდა, თუმცა, მალევე დაბრუნდა საქართველოში, დაქორწინდა და შვილი შეეძინა. 2024 წლის მაისში კი კვლავ უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა და მრავალეროვნულ დანაყოფს, სპეცდანიშნულების რაზმ „შავ არწივს“ შეუერთდა.
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს 59 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/10/2024 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)