skip to content
ჯანმრთელობა

ადამიანის პაპილომავირუსი ქალებში: ვაქცინაცია და სკრინინგი

ადამიანთა გონებაში ვირუსი დაკავშირებულია სხვადასხვა გამოვლინებასთან, კლინიკურ ენაზე – სიმპტომთან, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ვირუსზე ვსაუბრობთ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ზოგიერთი ვირუსი შეიძლება კიბოს განვითარებას უწყობდეს ხელს. სწორედ ასეთია ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ). ქალებში ვირუსის საფრთხეების და გამოსავლების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად აღქმისთვის მნიშვნელოვანია დავიწყოთ ბაზისური სამედიცინო ნომენკლატურით.

ლალი ბეგაძე, თათია შარაბიძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის წევრები, USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”

რა არის და როგორ ვრცელდება ადამიანის პაპილომავირუსი?

ადამიანის პაპილომავირუსები (აპვ) ვირუსების ფართო ოჯახია, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის კანის და/ან ლორწოვანი გარსების ინფიცირება. პაპილომავირუსები სხვა ძუძუმწოვრებშიც გვხვდება, თუმცა მათი ადამიანზე გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება. აპვ ადამიანთა შორის ვრცელდება კანის კანთან, კანის ლორწოვან გარსთან ან ლორწოვან გარსთა შორის კონტაქტის დროს. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობთ გენიტალურ (ქალებში ვაგინა, საშვილოსნოს ყელი და კაცებში – პენისი), ორალურ და ანალურ ლორწოვან გარსებს. ძალიან იშვიათად, აპვ შესაძლოა გადავიდეს დედიდან ახალშობილზე, ბუნებრივი მშობიარობის დროს, სამშობიარო გზებთან ახალშობილის კონტაქტის დროს, როდესაც დედას აღენიშნება აქტიური გენიტალური აპვ. მუცლად ყოფნის პერიოდში დედიდან ნაყოფზე ვირუსის გადაცემის შემთხვევების მტკიცებულებები არასაკმარისია. აპვ-ის უნარი, იოლად გავრცელდეს კანისა და ლორწოვანი გარსების ერთმანეთთან კონტაქტის გზით, აქცევს მას სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე გავრცელებულ ინფექციად ადამიანებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აპვ-ს გადაცემისთვის არ არის აუცილებელი პენეტრაციული სქესობრივი კავშირის დამყარება. სქესობრივად აქტიური ადამიანების უმრავლესობა, ცხოვრების განმავლობაში, ერთხელ მაინც ინფიცირდება ადამიანის პაპილომავირუსით.

აპვ-ის 200-ზე მეტი ტიპი, იგივე შტამი არსებობს, რომლებიც დაბალი და მაღალი რისკის ჯგუფად იყოფიან. დაბალი რისკის შტამებით ინფიცირება დაკავშირებულია კანზე და გენიტალიებზე მეჭეჭების განვითარებასთან, რაც არ ზრდის კიბოს წარმოშობის რისკს. თუმცა, ხშირად, კოსმეტიკური თვალსაზრისით, მეჭეჭების არსებობა სტრესისა და დისკომფორტის წყარო შეიძლება გახდეს. ანოგენიტალური მეჭეჭების 90%-ზე მეტს აპვ-ის მე-6 და მე-11 შტამები იწვევენ. მაღალი რისკის, ანუ ონკოგენურ (კიბოს გამომწვევი) შტამებს აქვთ უნარი, გადააგვარონ ლორწოვანი გარსების ამომფენი უჯრედები და გამოიწვიონ მათი უკონტროლო გამრავლება, ე.ი. სიმსივნე. აპვ-ის მაღალი რისკის შტამები იწვევენ საშვილოსნოს ყელის, პირ-ხახის, ანალურ და პენისის კიბოს. ქალებში, ეპიდემიოლოგიურად, ანუ გავრცელების თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი ტვირთი საშვილოსნოს ყელის კიბოზე მოდის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში, ყოველწლიურად, დაახლოებით 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოს გართულებების შედეგად. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 70%-ზე მეტს აპვ-ის მე-16 და მე-18  შტამები განაპირობებს.

აღსანიშნია, რომ მაღალი რისკის ამ და სხვა შტამებით ინფიცირება აუცილებლად კიბოს განვითარებას არ გულისხმობს. ინფექციათა უმრავლესობა თვითგანკურნებადია, ანუ ადამიანის იმუნური სისტემა უმკლავდება და 10-დან 9 შემთხვევაში, 1-2 წლის ფარგლებში აღმოფხვრის. თუმცა, ზოგჯერ, ვირუსის რეზისტენტულობა იმუნური პასუხის სიმძლავრეს აჭარბებს და იძენს ქრონიკულ ფორმას, რაც კიბოს განვითარების რისკს ზრდის. იმუნიტეტის მიერ ადამიანის პაპილომავირუსის აღმოფხვრის შემდეგ, იმავე შტამით ადამიანის ხელახალი ინფიცირება, ანუ რეციდივი შესაძლებელია.

ადამიანის პაპილომავირუსის სიმპტომები

აპვ-ით ინფიცირებულ ქალებსა და კაცებს, როგორც წესი, სიმპტომები არ აღენიშნებათ. შესაბამისად,  მათ შესაძლოა არ იცოდნენ საკუთარი ინფექციის სტატუსის შესახებ, რაც დამატებით ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს. აპვ-ის დაბალი რისკის შტამით ინფიცირების ადგილას შესაძლოა ჩამოყალიბდეს მეჭეჭი ან მეჭეჭები. ანოგენიტალური მეჭეჭების არსებობა ზრდის ალბათობას, რომ პაციენტი ასევე ინფიცირებულია მაღალი რისკის შტამით. აპვ-ს შედეგად განვითარებული საშვილოსნოს ყელის კიბო ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ვაგინალური სისხლდენა მენსტრუალურ ციკლებს შორის, ხანგრძლივი ან ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა, მტკივნეული სქესობრივი აქტი, ტკივილი მენჯის ღრუში, უჩვეულო შეფერილობის ან სუნის გამონადენი, ვაგინალური სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ, მტკივნეული ან გახშირებული შარდვა და კიბოსთვის დამახასიათებელი სხვა ზოგადი სიმპტომები, როგორებიცაა დაღლილობა, უმადობა, აუხსნელი წონის კლება, სახსრებისა და ძვლების ტკივილი.

ადამიანის პაპილომავირუსის ინფექცია კაცებში

ადამიანის პაპილომავირუსის პრევენციის გზები

აპვ-ით დაინფიცირებისგან თავის არიდების სხვადასხვა გზა არსებობს. მაგალითად, სქესობრივი გზით აპვ-ის ინფიცირების პრევენცია შესაძლებელია ბარიერული კონტრაცეფციის (პრეზერვატივის გამოყენება) გზით, თუმცა, ვინაიდან ვირუსი კანთან და ლორწოვან გარსებთან მინიმალური კონტაქტის მეშვეობით შეიძლება გავრცელდეს და აპვ ადამიანიდან ადამიანზე მხოლოდ სქესობრივი გზით არ ვრცელდება, ეს მეთოდი არასრულად ეფექტურია ინფექციის პრევენციისთვის. ადამიანის პაპილომავირუსით დაინფიცირებისგან და მისი გართულებებისგან თავის არიდების საუკეთესო საშუალება ორი მთავარი პრევენციული ღონისძიების, ვაქცინაციისა და სკრინინგის კომბინაციაა.

ვაქცინაცია

აპვ-სა და სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის კვლევას 1980-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და 1990-იან წლებში დადასტურდა ეპიემიოლოგიური კვლევების და მოლეკულური ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად. ვინაიდან საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა აპვ-ით ინფიცირებულ ადამიანებში გვხვდება, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისთვის ადამიანის პაპილომავირუსი „აუცილებელ პირობად“ ითვლება. ამ აღმოჩენის შემდეგ, ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიქმნა ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, კომერციული სახელით „გარდასილი“, რომელიც ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ გამოსაყენებლად 2006 წელს დაამტკიცა.  2007 წელს, ვაქაცინა 80 ქვეყანაში გახდა ხელმისაწვდომი. ამ ვაქცინას შეგვიძლია კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაც ვუწოდოთ. საქართველოში, პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში აპვ-ის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა „გარდასილი“ 2019 წლიდან არის შეტანილი. ვაქცინა ადამიანებს 90%-ზე მაღალი ეფექტურობით იცავს მე-6, მე-11, მე-16 და მე-18 შტამებით დაინფიცირებისგან. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეროვნული კალენდრის მიხედვით ტარდება 10-11-12 წლის გოგოებსა და ბიჭებში, რაც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ჩატარება ყველაზე მეტი სარგებლის მატარებელია, ვინაიდან კეთდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, 2023 წლიდან, იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, უფასოდ აცრა შეუძლიათ 10-45  წლის გოგოებს და ქალებს და 10-26 წლის ბიჭებს და კაცებს, თუმცა, პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად ხელახლა მტკიცდება და უფასოდ ვაქცინაციის ასაკობრივი დიაპაზონი შეიძლება შეიცვალოს.

იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, უფასოდ აცრა შეუძლიათ 10-45  წლის გოგოებს და ქალებს და 10-26 წლის ბიჭებს და კაცებს

10-15 წლის ასაკის ბიჭებსა და გოგოებში ვაქცინაცია 2 დოზად ტარდება, დოზებს შორის მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, ხოლო 15 წლიდან ვაქცინაცია 3-დოზიანი სერიით მიმდინარეობს, 0-2-6 თვის გრაფიკით. აპვ-ის ერთი შტამით ინფიცირება ვაქცინაციას მნიშვნელობას არ უკარგავს, ვინაიდან ვაქცინა 4 შტამის წინააღმდეგ უზრუნველყოფს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვირუსის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციებისგან (სგგი) განსხვავებით, აპვ კანთან და ლორწოვანთან მინიმალური კონტაქტის შედეგადაც ვრცელდება, რაც ბარიერულ კონტრაცეფციას არასრულად ეფექტურს ხდის. ამასთან, ბარიერული კონტრაცეფცია არ გამოდგება ვირუსის სხვა ფორმით, მაგალითად, არაპენეტრაციული სქესობრივი და კანით კანთან კონტაქტის შედეგად გადაცემული ინფექციის პრევენციისთვის. აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ, აცრის ადგილას ტკივილი, სიწითლე, დაბალი ცხელება, სახსრების ტკივილი ნორმალური გვერდითი მოვლენებია, რომლებიც 1-2 დღის ფარგლებში გაივლის. ვაქცინაცია უსაფრთხოა და მისი უკუჩვენება არის ალერგია ვაქცინის წინა დოზის მიმართ. ასევე, არასაკმარისია მტკიცებულებები ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ ორსულებში, ამიტომ, ორსულობის პერიოდში აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას ექიმი იღებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასევე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ორსულებში აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება საფრთხის შემცველია.

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვირუსის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა

ვაქცინაცია კეთდება შემდეგ დაწესებულებებში: NCDC

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს ან სიაში მოცემულ სასურველ დაწესებულებას.

სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მეორე ყველაზე ეფექტური მეთოდი სკრინინგია. სკრინინგის მიზანი საშვილოსნოს ყელში აპვ-ის მაღალი რისკის შტამის და საშვილოსნოს ყელის ამომფენი უჯრედების ზიანის, კიბოსწინარე მდგომარეობის და კიბოს დროული გამოვლენაა. სკრინინგის ფარგლებში იყენებენ ორი ტიპის ტესტს, პაპანიკოლაუს, იგივე პაპ-ტესტს და აპვ-ის გენეტიკური ანალიზის ტესტებს. პაპ-ტესტის პროცედურა გულისხმობს სპეციალური ჯაგრისით საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღებას და მის შემდგომ შემოწმებას დაზიანებაზე მიკროსკოპის ქვეშ. აპვ-ის გენეტიკური ანალიზის ტესტი პროცედურულად პაპ-ტესტის მსგავსია და იმავე მეთოდით აიღება ნაცხი, რომელიც მოწმდება აპვ-ის გენეტიკური მასალის, დნმ-ის არსებობაზე. ვინაიდან აპვ-ის ქრონიკული ინფექციის შედეგად საშვილოსნოს ყელის უჯრედების სიმსივნური გადაგვარება შეიძლება რამდენიმე წელიწადში განვითარდეს, ქვეყანათა დიდ ნაწილში სკრინინგის დაწყების რეკომენდებული ასაკი საშუალოდ 25 წელია. საქართველოში, სკრინინგის ეროვნული პროგრამის ფარგლებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება 25-60 წლის ქალებში და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება 25-60 წლის ქალებში

25-30 წლის ქალებში, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, სკრინინგის ფარგლებში ტარდება პაპ-ტესტი. ხოლო 30-60 წლის ქალებში სკრინინგი მოიცავს აპვ-ის გენეტიკური ანალიზის ტესტის ჩატარებას, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. ამ გამოკვლევების შედეგად ზიანის ან ვირუსის გენეტიკური მასალის გამოვლენის შემთხვევაში, ტარდება გაღრმავებული კვლევები, როგორიცაა კოლპოსკოპია ბიოფსიური მასალის შესაძლო აღებით. ამასთან, ზიანის ხარისხის გათვალისწინებით, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას რეგულარული სკრინინგის ინტერვალების მოდიფიცირების და პაციენტის მდგომარეობის შემდგომი მართვის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ აუცილებელია რეგულარული სკრინინგის გაგრძელება, ვინაიდან ვაქცინა არ გვიცავს მაღალი რისკის ყველა შტამისგან. სკრინინგ ტესტების ჩატარება სრულიად უსაფრთხოა. საშვილოსნოს კიბოსწინარე მდგომარეობებისა და კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა მკვეთრად ზრდის გადარჩენადობის მაჩვენებელს ქალებში. ორსულებში სკრინინგის გაიდლიანი უცვლელია. საქართველოში, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია სხვადასხვა კლინიკაში, შემდეგ ქალაქებში: ახალციხე, გორი, გურჯაანი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თბილისი, ლანჩხუთი, მარნეული, რუსთავი, ფოთი, ქობულეთი, ქუთაისი, ჩაქვი.

ვაქცინაციისა და სკრინინგის საჭიროების განსაკუთრებული მნიშვნელობა კიდევ ერთი ფაქტორით განისაზღვრება: ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს. თანამედროვე მედიცინას აპვ-ის გართულებების, მათ შორის, უმთავრესად კიბოს მართვის შესაძლებლობა აქვს, რაც უმრავლესად ქიმიოთერაპიულ, ინვაზიურ და ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. ამიტომ, პრევენცია, უპირველესად ვაქცინაცია, აპვ-ით ინფიცირების და მისი გართულებების თავიდან არიდების მნიშვნელოვანი იარაღია. ვაქცინაციისა და სკრინინგის კომბინაციას მინიმუმამდე დაჰყავს აპვ-ით ინფიცირების და/ან მისი გართულებების მძიმე შედეგების რისკი.

მსგავსი/Related

Back to top button