skip to content
ახალი ამბები

საქართველოს გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა

საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) 3 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა.

პირველი სრულად პროპორციული არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 508 294 ამომრჩეველია. ქართველები 18 პოლიტიკურ პარტიას შორის გააკეთებენ არჩევანს, რომელთა შორის ასევე არიან „ქართული ოცნება“ და ოთხი ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა (სამი კოალიცია და ერთი პარტია), რომლებიც მმართველი პარტიის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას შეეცდებიან.

ეს პირველი არჩევნებია, რომელიც ძირითადად ელექტრონულად ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე ხმას ელექტრონული მოწყობილებების საშუალებით მისცემენ. ამომრჩეველთა დაახლოებით 90% (3,113,747) ხმას ამ ახალი პროცედურის გამოყენებით მისცემს. რაც შეეხება შორეულ და საზღვარგარეთის ოლქებს, იქ კენჭისყრის ტრადიციული მეთოდი იქნება გამოყენებული.

3,111 უბნიდან 67 საზღვარგარეთ მდებარეობს, 42 სხვადასხვა ქვეყანაში. საზღვარგარეთ ხმის მისაცემად 95,910 ადამიანია დარეგისტრირებული, რაც 45%-ით მეტია 2020 წლის არჩევნებთან შედარებით. 135 922 ქართველი ხმას პირველად მისცემს.

100-ზე მეტი ადგილობრივი და 60-ზე მეტი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დარეგისტრირდა არჩევნების მონიტორინგის მიზნით, ხოლო ძირითადი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები რეგულარულ განახლებულ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას არჩევნების დღეს.

საქართველოს მასშტაბით ელექტრონულ უბნებში კენჭისყრის დახურვის შემდეგ, 20:00 საათზე ბიულეტენები ავტომატურად დაითვლება, ხოლო ავტომატური დათვლის საფუძველზე ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, წინასწარ შედეგებს დღესვე, უბნის დახურვიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნებს. საბოლოო ოფიციალური შედეგები, რომელიც ასევე მოიცავს იმ უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით ჩატარდა, მოსალოდნელია ხვალ დილას გახდეს ცნობილი მას შემდეგ, რაც ყველა ხმა – მათ შორის ელექტრონულ უბნებზეც – ხელით გადაითვლება.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების გამოქვეყნებას 27 ოქტომბერს გეგმავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button