skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ დასკვნით წინასაარჩევნო აქციაზე მხარდამჭერები მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს  

23 ოქტომბერს, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო რეგიონული ტური თბილისში დასკვნითი აქციით დაასრულა, სადაც ხალხის უმეტესობა მთელი ქვეყნიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს.

„ქართული ოცნების“ აქცია პროევროპული ძალების მიერ „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სახელწოდებით გამართული აქციის კონტრაქციაა. პროევროპული ძალების მიერ ორგანიზებული აქცია სამი დღით ადრე გაიმართა და მას თითქმის ასი ათასი ადამიანი დაესწრო.

მზადების პროცესი

თავისუფლების მოედანზე გამართული აქციისთვის მზადების მიზნით, ერთი დღით ადრე გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა, რამაც სხვა ადგილებში საცობები გამოიწვია. პოლიციამ მანამდე დედაქალაქის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თავი აარიდონ კერძო მანქანების გამოყენებისგან. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებს სთხოვეს ჩვეულ დროზე უფრო ადრე დაესრულებინათ მუშაობა.

მთელი დღის განმავლობაში, მმართველი პარტიის დასკვნით აქციაზე ხალხის დიდი ნაწილი ავტობუსებით ჩამოყავდათ მთელი ქვეყნიდან, როგორც ეს თბილისში, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ წინა აქციაზე მოხდა. მედიის ცნობით, ბევრი საჯარო მოხელე იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის ზეწოლით ჩამოიყვანეს.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ავტობუსებში მყოფი ადამიანები ერიდებიან ჟურნალისტებთან კონტაქტს ან ეუბნებიან ოპოზიციურ მედიას, რომ ისინი სასეირნოდ, ექსკურსიაზე, ქორწილში ან სხვა საბაბით ჩამოვიდნენ. ბევრი ცდილობდა კამერებისთვის სახეების დამალვას.

ფართოდ გავრცელდა ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გადაცემული რეპორტაჟი, რომელშიც თითქოსდა ასახული იყო ქუთაისის საბავშვო ბაღის თანამშრომლების მიერ შევსებული „სურვილების სია“, რომელთაც დაპირდნენ, რომ მათი სურვილები შესრულდებოდა, თუ ისინი მმართველ პარტიას დაუჭერდნენ მხარს.

გარდა ამისა, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ვიწრო ქუჩებზე ბევრი სათვალთვალო კამერა დამონტაჟდა.

აქციას წინ უძღოდა მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ, რომელშიც მონაწილეობდნენ
„ქართული ოცნების“ დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის ოლიმპიური სპორტსმენები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე დეპუტატები და მმართველი პარტიის წამყვანი ფიგურები: მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი და ა.შ. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი მიუძღოდა წინ.

გამოსვლები

როგორც წინა აქციებზე, სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ ხუთი ლიდერი: პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოსვლისას კვლავ ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა იდგა.

თავიანთ გამოსვლებში „ქართული ოცნების“ ლიდერები მიესალმდნენ ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს განვითარებაში და საქართველოს ომისგან დაცვაში. მათ დაგმეს ნაციონალური მოძრაობისა და მისი მმართველობის დროს განხორციელებული ქმედებები, „გარე“ ძალების მიმართ უპრეცედენტო ბრალდებები გააჟღერეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო არ დათმობს თავის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას,  რომ საქართველო არ დათმობს რწმენასა და ღირსებას და გახდება ევროკავშირის ნაწილი.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული… ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისე, როგორც ამას გარედან მოგვიწოდებენ. ჩვენ არ ვიქნებით ვინმეს ვასალი,  ვერ ვიქნებით გარედან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძანებების შემსრულებლები, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა, არ დაითმობა ქვეყნის სუვერენიტეტი, არ დაითმობა ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც მოვიპოვეთ სისხლით“.

„რამდენსაც არ უნდა ეცადონ ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, სამიათასწლიანი ისტორიის მქონე ხალხს ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებენ! საქართველო უპირველეს ყოვლისა! ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა!  ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება  ჩვენი სამშობლოს მიმართ!“, – დასძინა მან.

შემდეგ მან გაიხსენა, თუ როგორ უარყო ქართველმა ხალხმა 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა და ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის მმართველობაზე და იმაზე, თუ როგორ უწოდებდნენ მას „ე.წ. საქართველოს მეგობრები“ დემოკრატიის შუქურას და „დღეს ზეწოლითა და შანტაჟით ცდილობენ“ მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში. კალაძემ განაცხადა: „პირდაპირ ერევიან არჩევნებში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გარე ძალები ვერ ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ შეუერთდა სანქციებს. გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია, რომ გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, ხოლო ლგბტ პროპაგანდა ჰუმანიზმის და ლიბერალიზმის გამოვლინება“. მან გარე ძალები იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი სსო-ებს რევოლუციების მოწყობასა და ექსტრემიზმის დაფინანსებაში ეხმარებიან.

მან მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. ხაზი გაუსვა რა, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობისთვის, მან დასძინა, რომ საქართველო „ღირსეულად“ შევა ევროპაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლები გზავნილებითა და ნარატივებით მსგავსი იყო.

ბიძინა ივანიშვილმა ნაცნობი გზავნილები და ნარატივები გაიმეორა: მან დაგმო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება და კონკრეტულად მიმართა ახალგაზრდა თაობას და აღწერა, თუ „რა დაატეხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანას თავს“. წინა გამომსვლელების მსგავსად, მან „გარე ძალები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „2003 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მართავდა გარე ძალების მიერ კონტროლირებული რეჟიმი. ტერორი, ძალადობა, მკვლელობა, წამება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ყოველდღიურობა იყო“.

შემდეგ მან განაცხადა, რომ „მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, მით უფრო დღეს, როდესაც გარე თუ შიდა მტრები გამალებით ცდილობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!“

შემდეგ მან ვრცლად ისაუბრა „ქართული ოცნების“ პირობებში ყველა სფეროში „გაუმჯობესებულ ვითარებაზე“, და ამის მაგალითად ეკონომიკური მაჩვენებლები და საეშორისო რეიტინგები დაასახელა.

მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე  რთული პროცესების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო… საქართველოს ასე ნანატრი – მშვიდობა მოუტანა!

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რომ „უცხოელ, თუ ადგილობრივ არაკეთილმოსურნეთა და რადიკალთა მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ“.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს დღის წესრიგში „არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას“. მან პირობა დადო, რომ მმართველი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, „წინ განვითარების და აღმშენებლობის წლები და ევროკავშირში ინტეგრაცია გველის.“

ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადამწყვეტია, რომ ყველა მივიდეს ხმის მისაცემად და დაეხმაროს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, რადგან „საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი, საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს“.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გადამწყვეტია, რადგან „კონსტიტუციის დონეზე ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს“.

„ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება მშვიდობით და სიცოცხლით სავსე, რადგან „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი!“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button