
პაპუაშვილი უცხოელების მიერ ოპოზიციის კამპანიის მხარდაჭერაზე საუბრობს და „ჩაურევლობას“ ითხოვს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ოპოზიცია „ისტორიული მარცხის პირისპირ დგას“ და რომ მისი „ცალყბად და უნიათოდ წარმოებული საარჩევნო კამპანია დაცლილია იდეებისგანაც კი, გეგმებზე რომ არაფერი ვთქვათ“. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის კამპანია აგებულია მხოლოდ „დაპირისპირებაზე, ნეგატივზე და ზიზღის ენაზე“, ხოლო ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე, უცხოელების განცხადებების და ქმედებების ინტენსივობა და შერჩეული დრო „ქმნის იმის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე ამ პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა, რაც ასეც ხდება“. პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიში წარადგინა „საარჩევნო პროცესში უცხოური ჩარევის შესახებ“.
„დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან არ იყოს რამე განცხადება, ინტერვიუ, სატელევიზიო ჩართვა, სტატია ან ვიზიტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციის დღის წესრიგს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „ეს ინფორმაცია შემდეგ ინაცვლებს ოპოზიციის კუთვნილ მედიაში. შედეგად, წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული მედია დაკავებულია უცხოეთიდან მომდინარე მოსაზრებების ტირაჟირებით, რაც საარჩევნო გარემოს არათანაბარს ხდის“.
პაპუაშვილის თქმით, საარჩევნო პროცესში უცხოეთიდან ჩარევა „მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე ზეგავლენას“ ახდენს და „არჩევნების შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობაა“.
„სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი არჩევნებში ჩარევა ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს“, – ხაზი გაუსვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ „ჩაურევლობის პრინციპი არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით. აღნიშნული პრინციპი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობას და მათ უფლებას – წარმართონ თავიანთი საქმეები გარე ჩარევის გარეშე“.
„ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა, თუნდაც ისინი პარტნიორები იყვნენ. ამგვარი ჩარევა გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე, იმისთვის რომ ხალხს მიეცეს თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ „იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს აქვს, მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით დასავლეთის წარმომადგენლებმა, ამ ღირებულებების მიმართ ერთგულება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაადასტურონ“.
„მინდა, წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ეტაპზე, საარჩევნო კამპანიაში ჩარევისაგან თავშეკავებისაკენ მოვუწოდო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რათა საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება, გარედან ჩაურევლად, საკუთარი შეხედულებით, რწმენითა და მოსაზრებით მისცეს ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის, და არ დაექვემდებაროს გარედან თავსმოხვეულ არჩევანს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „უცხოური პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს წინაპირობად. დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, არჩევანი გააკეთოს არამართლზომიერი ზეგავლენისაგან თავისუფალ გარემოში, რადგან ქვეყნის მომავალი მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია“.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/09/2024 – დარჩიაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს ‘დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას’
- 19/09/2024 – პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სანქციებზე, ოპოზიციაზე, არჩევნებსა და აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდის განზრახვაზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)