რუსეთი-ჩრდილოეთ კორეის უკანონო გადახდების სქემაში ჩართვის გამო აშშ ოკუპირებულ ცხინვალში მდებარე MRB Bank-ს სანქციებს უწესებს
საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო დეპარტამენტმა (OFAC) 19 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდებარე MRB Bank-ს სანქციები დაუწესა. ამ გადაწყვეტილების მიზეზია ბანკის მონაწილეობა ოთხი სხვა სუბიექტისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარ ქსელში, რომელიც რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის უკანონო გადახდის მექანიზმების ჩამოყალიბების მცდელობებს უწყობს ხელს.
ქსელი დაეხმარა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას სანქციების თავიდან აცილებაში, ხელი შეუწყო ჩრდილოეთ კორეის მასობრივი განადგურების იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დაფინანსებას და მხარი დაუჭირა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მართული სქემით, MRB Bank-ი შუამავლის როლს ასრულებდა სანქცირებული რუსული ბანკისთვის, TSMRBank, რათა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საგარეო ვაჭრობის ბანკთან (FTB) ფარული საბანკო ურთიერთობა დაემყარებინა.
TSMRBank-ის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი ნიკულინი ეხმარებოდა ფულადი სახსრების გადარიცხვებს FTB-დან TSMRBank-ის მეშვეობით MRB-ში. ნიკულინმა ასევე უზრუნველყო MRB-ში FTB-ისა და Korea Kwangson Banking Corp.-ისთვის (KKBC) საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და კოორდინაცია გაუწია ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს, რათა უზრუნველყოფილიყო მილიონობით დოლარისა და რუბლის FTB და KKBC ანგარიშებზე განთავსება MRB-ში. MRB-ში ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი ანგარიში გამოიყენებოდა რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საწვავის ექსპორტის ასანაზღაურებლად.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „საბრძოლო დანაკარგის ზრდისა და საერთაშორისო იზოლაციის გაძლიერების გამო, რუსეთი სულ უფრო დამოკიდებული ხდება ჩრდილოეთ კორეაზე, იარაღის შესყიდვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)