რუსეთის კურსკის ოლქში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოხალისეები გაგზავნეს
სამხედრო მოხალისეები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის კურსკის ოლქში, უკრაინის ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად გააგზავნეს, იტყობინება რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახური „ეხო კავკაზა“ 9 აგვისტოს ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით.
რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის ბრძოლა მას შემდეგ გაგრძელდა, რაც უკრაინული ძალები კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დილით შევიდნენ.
„უმაღლესმა მთავარსარდალმა კურსკის ოლქის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ჩვენ ბევრი დაძახება არ გვჭირდება. ჩამოვედით დასახმარებლად“, – ნათქავამია „დონბასის ველური დივიზიის“ შეტყობინებაში ტელეგრამის არხზე. დივიზიის მეთაური აფხაზი მებრძოლი ახრა ავიძბაა.
ახრა ავიძბა 2014 წლიდან მონაწილეობს დონბასის სამხედრო ოპერაციებში და დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის „გმირია“. 2021 წლის იანვრიდან, იგი უკრაინის უშიშროების სამსახურის ძებნილთა სიაშია. სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2014 წელს რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად „აფხაზი“) დააარსა და ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას „საერთაშორისო ბრიგადა „პიატნაშკა“. 2020 წელს ავიძბა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის „თანაშემწე“ იყო საერთაშორისო ურთიერთობებში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ასევე გაემგზავრნენ სამხედრო მოხალისეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან. „სარმეტის“ [«Сæрмæт»] ბატალიონის პირადი შემადგენლობა კურსკის ოლქში საბრძოლო ხაზისკენ გაემართა, რათა მტრის სამხედრო ფორმირებები გაანადგუროს. გამარჯვება ჩვენი იქნება“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ბატალიონის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ გზავნილში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც „ეხო კავკაზა“ ციტირებს, „უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობის მოგერიება გრძელდება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)