skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ

17 ივლისს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამნეტმა გამოქვეყნა 2024 წლის ანგარიში საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს ზოგად ბიზნეს გარემოს, თუმცა გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი “სასამართლო სექტორის უნართან დაკავშირებით, დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად გამოიტანოს გადაწვეტილებები კომერციულ საქმეებზე.” ბიზნეს დავების საქმეები სასამართლოში ხშირად დროში ჭიანურდება, ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესი არაეფექტურია და არ არის ეფექტური ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. მეტიც, საქართველოს არ აქვს ინტეგრირებული სამეწარმეო კოდექსი. ანგარიშში გამოთქმულია წუხილი პოლიტიკური ჩარევისა და კანონების, მათ შორის სამეწარმეო კანონების, სელექციური აღსრულების შესახებ ბრალდებების გამო.

მთლიანობაში, ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს ხელსაყრელ ბიზნეს კლიმატსა და ქვეყნის მშპ-ს ზრდის ტრაექტორიას. ის ასევე აღნიშნავს, რომ 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს მიერ საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა იქნება სტრუქტურული რეფორმების შესაძლებლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონკურენციის კანონმდებლობა, საკუთრების უფლებები, ტექნიკური რეგულაციები და სხვა.

ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მედეგობას ბოლოდროინდელი გლობალური გამოწვევების, კონკრეტულად კოვიდ 19-ის პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. “ზოგადად, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია და საქართველო უსწრებს რეგიონის სხვა ქვეყნებს,” წერია ანგარიშში. ანგარიში ასევე დადებითად აფასებს არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოში, მათ შორის სტრატეგიულ ინვესტიციებს შუა დერეფანში, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ტენდერის გამოცხადებასა და სამშენებლო გეგმებს თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით.

ანგარიში ეყრდნობა Heritage Foundation-ის 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველო 184 ქვეყანას შორის 32-ე ადგილს იკავებს და რომელიც საქართველოს ეკონომიკას „ზომიერად თავისუფალად“ ახასიათებს. “რთული საგარეო და პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, პოლიტიკის ძირითად მიმართულებების კუთხით, საქართველოს ეკონიმიკამ საკმაოდ კარგად იმუშავა. რეგულაციური ეფექტურობის გასაძლიერებლად გატარდა რეფორმები, ნარჩუნდება ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალი გადასახადებით. ეკონომიკამ მედეგობის მაღალი დონე აჩვენა,” ამბობს დოკუმენტი. “თუმცა, ინსტიტუციური სისუსტეები კვლავ მოითხოვს ბევრად უფრო თავდადებულ რეფორმებს, რადგან შეზღუდულ რეფორმებს დიდი გაუმჯობესება არ მოჰყოლია. სახელმწიფო დანახარჯები მშპ-ის წილში იზრდებოდა, ხოლო ბიუჯეტის ბალანსი უარყოფითი იყო. ინფლაცია შედარებით მაღალი იყო,” აღნიშნავს Heritage Foundation-ის ანგარიში.

ზოგადად, ანგარიშში ნათქვამია, რომ “საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად, და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო, როგორც ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი ადგილი, მაღალ პოზიციას იკავებს რეგიონში.”

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button