გაზეთი თბილისი, 1976: თქვენს წინაშეა, ანსამბლი ვია-75
რედაქციისგან: გაზეთი “თბილისი” წარმოადგენდა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საღამოს გაზეთს
კონტექსტითვის: საბჭოთა კავშირი დასავლური სტილის მუსიკალური ჯგუფების არსებობა არ შეიძლებოდა, დაშვებული იყო ვოკალ-ინსტუმენტალური ანსამბლები (შემოკლებით “ვია”). თავის მხრივ, აკრძალული იყო კონკრეტული ჟღერადობები და ანტი-საბჭოთა სიმღერები – ყველა სიმღერა მკაცრ იდეოლოგიურ შემოწმებას გადიოდა. ამის გარდა, ყველა ალბომში, უნდა შესულიყო რამდენიმე რუსული სიმღერაც – ასეთი იყო წესი. მიუხედავად მკაცრი ჩარჩოებისა, ხშირად, ქართველები ახერხებდნენ შეექმნათ არასაბჭოთა მუსიკა, საბჭოთა წესებში, ვია 75-ი კი ამის იდეალური მაგალითია.
ვია-75 საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეული ანსამბლია. მათ საქართველოს აჩუქეს მრავალი უკვდავი ჰიტი. ამავდროულად, ანსამბლი გამორჩეული იყო საკუთარი ჟღერადობითაც. ისინი, ჰარმონიულად უთავსებდნენ ერთმანეთს ქართულ ხალხურ თუ თბილისურ მუსიკას, დასავლური მუსიკი ჟანრებს – როკს, ჯაზსს, ჯაზ-ფიუჟენსა თუ სხვას.
გაზეთი თბილისი, 29.01.1976
პირველი აღიარება
სასიხარულოა, რომ ეს აღაირება სწორედ მოსკოვში – ჩვენი ქვეყნის უპირველეს ქალაქში მოვიდა; მრავალი საბჭოთა თუ საზღვარგარეთელი პრემიერი მაღალმხატვრული ხელოვნებით განებივრებულები დედაქალაქელი მაყურებელი ერთი კვირის მანძილზე გულწრფელი აღტაცების ტაშით აჯილდოებდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის ახალგაზრდულ კოლექტივს, რომელსაც რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი რობერტ ბარძიმაშვილი ხელმძღვანელობდა.
სახელმწიფო საკონცეტრო დარბაზ “როსიაში” გამოსვლა პირველი სერიოზული გამოცდა იყო ახალბედა მუსიკოსებისთვის და თამამად უნდა ითქვას, რომ ეს გამოცდა თბილისელმა ჭაბუკებმა “ფრიადზე” ჩააბარეს – დაიმსახურო დარბაზში ყოველ საღამოს შეკრებილი 4 ათასზე მეტი მაყურებლის მოწონება და აღტაცების შეძახილები, არც ისე იოლია, როცა ახალგაზრდა ხარ და ჯერ კიდევ არ დაუფლებიხარ სცენას. ესტრადის დიდ ხელოვნებას და უნებურად გაკრთობს რამპის მიღმა ჩამუქებულ დარბაზში სულგანაბული მრავალრიცხოვანი მაყურებელი.
ახალბედა გასტროლიორებმა კი ეს შეძლეს და პირველ კონცერტზევე დაარწმუნეს ესტრადის მოყვარულნი, რომ მათ წინაშე საინტერესო სიახლეთა ძიებით გატაცებული, ჭეშმარიტად მუსიკალური, მაღალგემოვნებიანი პროფესიონალი კოლექტივია […]
ახალგაზრდული გზნებით დამუხტეს მოსკოველები რომან რცხილაძემ, უჩა კორძაიამ, დათო ჯანელიძემ, არჩილ სიმონიშვილმა, არჩილ ასლანიშვილმა, ვალერი კონდახჩიანმა, გარი მოდებაძემ, გოჩა ლორიამ. ყველა ხანგძლივი ტაშით აჯილდოვებდა შესანიშნავად არანჟირებულ “ოროველას”, “საჭიდაოს”, “ნამგლურს”, მარტინოვის “არყის ხეს”, უცხოურ სიმღერებს, ხოლო როდესაც დარბაზს კლასიკური მუსიკის შესანიშნავი რიტმები იპრყობდა, მაყურებელი მანამ არ ცხრებოდა, სანამ ფლეიტა (უჩა კორძაია) ხელმეორედ არ დაიწყებდა ბახის “სკერცოს”, ვიდრე როიალზე კვლავ არ გაიმეორებდნენ.
კონცერტების შემდეგ გვილოცავდნენ, წარმატებებს გვისურვებდნენ პროფესიონალი მუსიკოსებიც, მოყვარულებიც, მოგვდიოდა უამრავი წერილი – თქვა რ.ბარძიმაშვილმა, და კონვერტებს შორის ერთი-ერთი ამოარჩია: მუსიკალური რადიოგადაცემების მთავარი რედაქციის მშრომელთა წერილებისა და დაკვეთით კონცერტის განყოფილებაში ყოველთვის რადიომსმენელთა ბევრი სურვილი იყრის თავს, – წერს საკავაშირო რაიდომუსიკალური რედაქციის განყოფილების გამგის მოადგილე, ახალგაზრდობის და სტუდენტთა სოფიის მე-9 მსოფლიო ფესტივალის და ტელეკონკურსის “სიმღერა-75”-ის ლაურეატი ო.ჰაჯიყასიმოვი, – ხშირად მათგან ვიგებთ მუსიკალურ ცხოვრებაში მომხდარ საინტერესო მოვლენებსა და ფაქტებს, ახალი საშემსრულებლო კოლექტივის, სოლისტის, საკონცეტრო პროგრამის არსებობას. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც მოსკოველ სტუდენტთა დიდმა ჯგუფმა თხოვნით მოგვმართა მორიგ საკონცეტრო პროგრამაში შეგვეტანა მუსიკალური ნაწარმოებები რ.ბარძიმაშვილის ახალგაზრდული ანსამბლის შესრულებით. როცა ამ ანსამბლის არსებობით დავინტერესდით, ახალგაზრდებმა მიგვასწავლეს “როსიაში” გამოდიანო. წავედი კონცერტზე, ვერ აგიწერთ იმ დიდ სიხარულსა და აღტაცებას, რაც მე იქ განვიცადე და არა მარტო მე, დარწმუნებული ვარ – ყველა მაყურებელმა, ახალგაზრდული ანსამბლის გამოსვლამ პროფესიულ დონეზე ჩაიარა! მაგრამ რაც ყველაზე მეტად მომაჯადოვა, საოცრად სუფთა ჟღერადობაა. ისე მშვენიერია ანსამბლის წყობა, ისეთი გამოკვეთილია დიქცია, გამომსახველია სიმღერის თითოეული ნიუანსი, რომ ასე გგონია, ათასგზის ცდისა და შეჯერების შედეგად ჩაწერილ ფონოგრამას უსმენ. დასამალი როდია, რომ თვით სახელგანთქმული ანსამბლებიც კი სცენაზე უფრო ღარიბად გამოიყურებიან ვიდრე მათი ჩანაწერები. აქ კი ეფექტი თანაბარია, თუგინდა ახლავე ჩაიწერე და გამოუშვი ხანგრძლივი დაკვრის ფირფიტა!
საერთო აღიარების ნიშანია ისიც, რომ აპრილის ბოლოს ახალგაზრდული ანსამბლი კვლავ ესტუმრება საბჭოეთის დედაქალაქს, ამჯერად უკვე ესტრადის თეატრში გამართავს კონცერტებს. მანამდე კი წინ არის გამოსვლები ბათუმში, ქუთაისში, კონცერტები ცენტრალური ტელევიზიისთვის, მონაწილეობა საკავშირო ტელევიზიის საპირველმაისო ზეიმისათვის მოწყობილ გადაცემისთვის “ცისფერ ეკრანში”, და რაც მთავარია თბილისი და თბილისელები, რომელთა წინაშე გამოსვლაც დიდი მღელვარებით მოელიან კოლექტივის ახალბედა წევრებიც, მათი ხელმძღვანელიც.
მ.მაისურაძე