skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში მოხსენებით წარსდგა

აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ 20 ივნისს ბრიფინგი გამართა თემაზე „უცხოელი აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონების გავრცელება“, სადაც ექსპერტებმა საქართველოში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ყირგიზეთში მსგავსი კანონების წარმოშობაზე იმსჯელეს.  

საქართველოს შესახებ დისკუსიას პოლიტიკური მიმომხილველი ლინკოლნ მიტჩელი უძღვებოდა. მან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის საქმეში. მიტჩელმა განაცხადა, რომ ქართული სსო-ების დაფინანსება ისედაც გამჭვირვალობა, ამიტომ შემზღუდველი ზომების მიღება გაუმართლებელია.

მიტჩელი დაინტერესდა, თუ რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ სადავო კანონი მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკისა. მისი ვარაუდით, სავარაუდო მიზეზებს შორის შესაძლოა იყოს მოსკოვის ზეწოლა, მოახლოებული არჩევნები ან ევროკავშირის მისწრაფებებისგან ჩამოშორება.

„ეს კანონი ხელსაყრელია რუსეთისთვის, საზიანოა საქართველოს დემოკრატიული კურსისთვის, მისი დასავლური მისწრაფებებისა და შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა მიტჩელმა. მან დაბნეულობა გამოხატა „ქართული ოცნების“ ქმედებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, რომ არა კანონის მიღება, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე ცალსახა გამარჯვება ელოდა.

მიტჩელმა ასევე ისაუბრა ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ კანონის ხელახლა ინიცირებამდე, არსებობდა მოსაზრება, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა. „ამიტომ ისმის კითხვა, რატომ უნდა გაიხადო საქმე არჩევნების მოსაპარად, როცა არჩევნების მოგება ისედაც შეგიძლია?“ – აღნიშნა მიტჩელმა. მან ასევე ისაუბრა საქართველოში საარჩევნო დაყოფაზე, სადაც „ქართულ ოცნებას“ ძირითადად უფროსი ასაკის, ღარიბი და ინგლისურის არმცოდნე სეგმენტი ემხრობა, რომელიც ანტიდასავლური და ანტი-ლგბტქ ნარატივების გავლენის ქვეშ იმყოფება.

კითხვა-პასუხის სესიის დროს, ექსპერტებმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური პროტესტი კანონის წინააღმდეგ ყირგიზეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში ზომიერ რეაქციას შეადარეს და ეს საქართველოს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებით, დამოუკიდებელი მედიითა და ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონით ახსნეს.

მიტჩელი ასევე შეეხო აშშ-ის სანქციების პოტენციური ეფექტურობის საკითხს და აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირების მიმართ სანქციები შეიძლება იყოს ქმედითი, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს მისი სიმდიდრის გამო. მისი თქმით, სანქციებმა ზიანი არ უნდა მიაყენოს მოსახლეობას. მიტჩელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკამ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button