საქართველოს ყოფილმა ელჩმა სლოვენიაში დიპლომატიური სამსახური დატოვა
ყოფილმა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა, რომ მან დიპლომატიური სამსახური დატოვა. ბოლოს ის სლოვენიაში საქართველოს ელჩად მსახურობდა. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში იგი წერს, რომ 18-წლიანი უწყვეტი დიპლომატიური საქმიანობის შემდეგ იგი თანამდებობას ტოვებს და რომ „საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საუკეთესო ინტერესებისადმი მსახურება” იყო მისი საქმიანობის მთავარი საგანი.
ყოფილი ელჩი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებს უსვამს ხაზს და მადლობას უხდის კოლეგებს „შინ თუ გარეთ, საერთაშორისო დონის ქართველ ელჩებს, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი საელჩოების თანამშრომლებს, მინისტრებს, პრემიერებსა თუ პრეზიდენტებს, რომლებთანაც მომიწია მუშაობა და ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებელ ისტორიულ გზაზე“. ელჩი ასევე წერს, რომ „არ ვემშვიდობები. ჩვენ შევხვდებით ქვეყნის სამსახურში. სად მივდივართ? ევროპისკენ!”
კოპლატაძე ასევე ახსენებს „სატელეფონო ზარებს“, რომელიც მან აზერბაიჯანული ნომრებიდან მიიღო, სადაც იგი აუგად მოიხსენიეს იმის გამო, რომ ტოლერანტობა გამოხატა „თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციური გარანტიის“, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბერლინში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ კონფერენციაზე შეკრებილ საქართველოს ელჩებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდეო გზავნილით მიმართა: „თქვენ ზუსტად იქ ხართ, ამ შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება“. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: „მე არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“.
ირაკლი კოპლატაძე 2018 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში, მანამდე კი 2013-2018 წლებში იგი თურქეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)