მიხაილ გალუზინი: 2008 წლის ომი საქართველოსთვის გაკვეთილი იყო
რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რასაც მან „დანაშაულებრივი ავანტიურა“ უწოდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის გაკვეთილი იყო. გალუზინმა აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოს ხელისუფლება „მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნებას“ და ამის ნაცვლად მან მოუწოდა საქართველოს აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობა“.
როდესაც მას ჟურნალისტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ჰკითხა, გალუზინმა განაცხადა, რომ სოხუმის და ცხინვალის რეაგირება ამ განცხადებებზე „თავის თავზე მეტყველებს“. მან განაცხადა: „აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა თავიანთი სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი შეეცადა ძალით დაებრუნებინა ერთ-ერთი რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში და მეორესაც მსგავსი ქმედებებით დაემუქრა“.
„როგორც გვესმის, საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა ამ დანაშაულებრივი ავანტიურიდან და მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა გალუზინმა. „აფხაზებმა და ოსებმა არაერთხელ გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის „შელახვის“ მცდელობების მიმართ, აღნიშნავდნენ რა, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავისკენ“ მათი დამოუკიდებლობის აღიარება იქნებოდა“.
„ჩვენი მხრივ, მიგვაჩნია, რომ სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამეულში“ ნორმალიზების წინაპირობები მას შემდეგ გაჩნდება, რაც საქართველო გააცნობიერებს არსებულ რეალობას და მზად იქნება რესპუბლიკებთან ურთიერთობები დაამყაროს თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე“, – განაცხადა გალუზინმა და დასძინა, რომ საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის „ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიები“ და „საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტა შემდგომ დემარკაციასთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“.
გალუზინმა ასევე ისაუბრა უფრო ფართო გეოპოლიტიკურ წუხილებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და დასავლეთი რეგიონის დესტაბილიზაციისა და რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით „გათიშე და იბატონეს“ სტრატეგიის გამოყენებაში დაადანაშაულა. მან ასევე გააკრიტიკა დასავლეთის გავლენა სომხეთზე, მოლდოვაზე და რეგიონული სტაბილურობის შესანარჩუნებლად „ისტორიული კავშირებისა“ და რუსული ენის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)