skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო, ხელი მოაწერა ანტიკორუფციულ კანონში ცვლილებებს

13 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, თუ ცესკოს გადაწყვეტილება, რომლისთვისაც 2/3-იანი კვორუმია საჭირო, ვერ იქნება მიღებული ცესკოს სხდომაზე, იმავე სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და იმ შემთხვევაში ჩაითვლება მიღებულად, თუ მას  ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, „ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.

იმავე პრესრელიზის თანახმად, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,ანტიკორუფციულ კანონში” ცვლილებების პაკეტს თუმცა, „მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია, ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების გახსნისათვის 9 პირობიდან ერთ-ერთს, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებას“.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ „ქართულ ქარტიაში“ ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მისი სისტემური რეფორმა: ხელმძღვანელის არჩევა პარლამენტის მიერ და ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღევანდელი მოცემულობით, ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ასევე ბიუროს ენიჭება სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების რიგი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში, მათ შორის, ფიზიკური პირის გამოკითხვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გამოთხოვა, რაც „საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დასაბუთებას, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითად გამოყენება და ბიურო არ იქცეს პარტიების წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად ხელისუფლების ხელში“.

მსგავსი/Related

Back to top button