ცესკო არჩევნების წინ „დამაზიანებელი უსაფუძვლო ბრალდებების“ გავრცელებაზე საუბრობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 7 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ „გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები“ ვრცელდება. ცესკოს თქმით, ასეთი განცხადებები და შეფასებები საზღვარგარეთიდანაც ვრცელდება.

ცესკო არ აკონკრეტებს, თუ რომელ განცხადებებს გულისხმობს. ის მმართველი პარტიის დიდი ხნის ნარატივს ეხმიანება არჩევნებში სავარაუდო პოლიტიკური ჩარევისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან „საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის“ შესახებ და დასავლური ფონდების მიმართ ბრალდებებს იმეორებს, რომ თითქოს ისინი ქვეყანაში რევოლუციურ პროცესებს უჭერენ მხარს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცესკო „ქართული ოცნების“ ნარატივს იმეორებს. 2024 წლის თებერვალში ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ დაუდგენელმა თავდამსხმელმა რამდენიმე დღის წინ,  სავარაუდოდ, მისთვის ზიანის მიყენება სცადა. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას კალანდარიშვილმა გაიმეორა მმართველი პარტიის განცხადება, რომ ოპოზიციის წევრები თითქოს ცდილობენ ცესკოს თავმჯდომარის „მოშორებას“ და ცესკოზე კონტროლის ხელში ჩაგდებას, რითიც გაამართლა პარლამენტის სადავო გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ დაკავებული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმების შესახებ.

კიდევ ერთი სადავო ცვლილება საარჩევნო კოდექსში, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად ცოტა ხნის წინ მიიღო, ითვალისწინებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით წევრების არჩევის პროცედურის შეცვლას. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ზრდის პოლიტიკურ ზეწოლას ცესკოზე და ძირს უთხრის ინსტიტუტის ნეიტრალურობას. ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ ეს ცვლილებები არ შეესაბამებოდა ევროკომისიის ცხრა პირობას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების სრული დაცვით, ამ მიმართულებითაც  ვრცელდება ინსტიტუციის დამაზიანებელი უსაფუძვლო ბრალდებები“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ცესკო აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები, პოლარიზებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ემსახურება „ცრუ წარმოდგენების, არასწორი აღქმების“ შექმნას, მათზე დაფუძნებული დასკვნების გავრცელებას და აზიანებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს და არჩევნების მთლიანობას“.

ცესკოს თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა მიმართულია საარჩევნო პროცესებიდან პოლიტიკური დისკურსის და გავლენების აღკვეთისაკენ, ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია ჩართული მხარეების „ობიექტური მხარდაჭერა“. „საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო მზადყოფნას გამოხატავს შესაბამის დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრებისთვის, რათა „კითხვების არსებობის შემთხვევაში დეტალურად გავუზიაროთ ინფორმაცია ყველა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად ახორციელებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version