TI საქართველო: „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წელს ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღო

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 28 ივნისს ანგარიში გამოაქვეყნა 2023 წელს საქართველოში 15 პოლიტიკური პარტიის დაფინანსების შესახებ. ანგარიშის თანახმად, მთლიანი შემოსავლებიდან ყველაზე მეტი მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – 62%. ორგანიზაცია ხაზს უსვამს პარტიების ფინანსებზე ზედამხედველობის კუთხით ანტიკორუფციული ბიუროს ხარვეზებს, აკრიტიკებს ცვლილებებს საქართველოს კანონმდებლობაში, მიმოიხილავს პოლიტიკური პარტიების დონორთა ტიპებს და როგორც ბიუროს, ისე პოლიტიკურ პარტიებს რეკომენდაციებს აძლევს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პარტიების ზედამხედველობა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი გახდა, პოლიტიკური ფინანსების ზედამხედველობის მიმართულებით საქმიანობაზე ინფორმაციის მოპოვება გართულებულია. „ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პარტიების პირდაპირი და არაპირდაპირი გზით დაფინანსების შემთხვევების მონიტორინგის პროცესი არ არის გამჭვირვალე, რაც აჩენს საფრთხეს, რომ ბიურო კანონის გაუმართლებლად ფართო ინტერპრეტაციით სარგებლობს და პოლიტიკურად მოტივირებულია“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მისი თქმით, 2023 წელს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სასამართლოში გადაგზავნილი 12 საქმიდან ოთხ შემთხვევაში სასამართლომ სანქციის სახით შენიშვნა გამოიყენა, ერთ შემთხვევაში — გაფრთხილება, ერთ საქმეზე წარმოება შეწყდა, ხოლო დანარჩენ ექვსშვიდ შემთხვევაში პარტიებს ჯარიმები შეეფარდათ, ჯამურად ჯარიმის თანხამ 25,700 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შემოწირულობების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს, TI საქართველო ამბობს, რომ „2023 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით აიკრძალა იურიდიული პირების მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება; აგრეთვე, შემცირდა პარტიების მიერ წლის განმავლობაში გაღებული ხარჯების ზედა ზღვარი. ცვლილებები მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და ვერ აღმოფხვრის მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის არსებულ დიდ ფინანსურ უთანასწორობას“.

რეკომენდაციები

ანგარიშში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გასცა რეკომენდაციები პარტიების ფინანსების მონიტორინგის კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად:

პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული დაფინანსება

ორგანიზაციამ დაადგინა, რომ შესწავლილმა 15-მა პარტიამ ჯამურად 26,452,373 ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულება, საბანკო სესხი) მიიღო და 14,856,671 ლარის ხარჯი გასწია. ყველა პარტიის ჯამური შემოსავლების 62% (16,315,610 ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა; პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 48% (12,742,941 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 52% (13,138,636) კი — კერძოზე (შემოწირულება, საბანკო სესხი).

კვლევის სუბიექტებად შერჩეულ იქნა ისეთი პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც 2023 წლის მდგომარეობით ან კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები იყვნენ ან ამავე წელს მინიმუმ 100,000 ლარის შემოსავალი მოიზიდეს. ზემოაღნიშნული კრიტერიუმები შემდეგმა 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ დააკმაყოფილა: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, „თაობები საქართველოსთვის“, „რესპუბლიკური პარტია”, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „კანონი და სამართალი”, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი”, „გირჩი”, „მოქალაქეები“, „ლელო”, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „პროგრესი და თავისუფლება“.

15 პოლიტიკური პარტიიდან 6 პარტიამ მიიღო 1000 ლარზე მეტი შემოწირულება. პარტიებმა სულ 13,138,636 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს; ჯამური შემოწირულებების 85% (11,170,000) „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. არასაარჩევნო წლისთვის ეს რეკორდული რაოდენობის შემოწირულებაა. „ქართულმა ოცნებამ“ წლის განმავლობაში ჯამური შემოსავლის სახით მიღებული 16.3 მილიონის ფონზე მხოლოდ 5.2 მილიონი ლარის ხარჯი გასწია.

ვინ არიან შემომწირველები?

2023 წელს ტენდერები შემომწირველებთან დაკავშირებულმა 15-მა კომპანიამ მოიგო, საიდანაც 14 კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან იყო დაკავშირებული, ხოლო ერთი პარტია „ლელოსთან“. საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა 14-მა კომპანიამ 1,1 მილიარდამდე ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. ამავე პერიოდში ამ კომპანიებმა „ქართულ ოცნებას“ 1.45 მილიონი ლარი შეწირეს.

2023 წელს რთველის წინა პერიოდში „ქართულ ოცნებას“ ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებულმა შემომწირველებმა 1 მილიონ ლარამდე შეწირეს. 2023 წელს შემომწირველებთან დაკავშირებულ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს 2013-2023 წლებში 39 მილიონამდე ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტები აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2023 წლებში – 30 მილიონ ლარზე მეტი რთველის სუბსიდია.

TI საქართველო ეჭვობს, რომ გასული წელს ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც კომპანიებმა „ქართულ ოცნებას“ მესამე პირების მეშვეობით შესწირეს თანხები. ხშირად მმართველი პარტიის დონორები კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და ა.შ. „ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფიქტიური დონორები არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც კანონდარღვევაა“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შესაწირად სავარაუდოდ ფიქტიური დონორების გამოყენების პრაქტიკა გამოიკვეთა RMG ჯგუფთან და „ანაგი“ ჯგუფთან დაკავშირებით. ფიქტიური შემოწირულების ეჭვს აჩენს აგრეთვე დროის მცირე ინტერვალში ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწირულებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა შპს „ლილომოლთან“ დაკავშირებით, როდესაც კომპანიის წვრილმა მეწილეებმა ერთსა და იმავე დღეს მსხვილი თანხები შეწირეს მმართველ პარტიას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version