skip to content
ჯანმრთელობა

ადამიანის პაპილომავირუსის ინფექცია კაცებში

ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციაა. ვირუსის გავრცელება შემთხვევათა უმრავლესობაში სქესობრივი კონტაქტის გზით ან კანისა და ლორწოვანი ქსოვილების უშუალო შეხებისას ხდება.  პაპილომავურუსების ოჯახი მოიცავს ვირუსის 200-ზე მეტ ტიპს, მათი უმეტესობა უვნებელია ან იწვევს კანის უვნებელ მეჭეჭს, თუმცა ამჟამად აღმოჩენილია ვირუსის 12 კანციროგენული (სიმსივნის გამომწვევი) ტიპი. The Lancet Global Health-ში 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 15 წელზე უფროსი ასაკის 3 კაციდან 1 ინფიცირებულია ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსის მინიმუმ ერთი ტიპით, ხოლო ხუთში ერთი კაცი ინფიცირებულია ერთი ან მეტი მაღალი რისკის (ონკოგენური) ვარიანტით.


ბასა გეგეშიძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ახალგაზრდული პროგრამის მონაწილე, USAID-ის პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”


არის თუ არა პაპილომავირუსი საფრთხის შემცველი მამაკაცებისთვის?

პაპილომავირუსი ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მთავარი ფაქტორია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ვირუსი რისკს წარმოადგენს მამაკაცებისთვისაც. ინფექცია ხელს უწყობს მრავალი ონკოლოგიური დაავადების ჩამოყალიბებას.

კაცებში პაპილომა ვირუსით გამოწვეულ დაავადებებს მიეკუთვნება პირ-ხახის, ყელის, პენისისა და ანუსის კიბო.

ადამიანის პაპილომავირუსები – ჩუმი საფრთხე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

როგორ ვრცელდება ადამიანის პაპილომავირუსი?

პაპილომავირუსი აინფიცირებს ლორწოვან გარსებსა და კანს. ტრანსმისია (გადაცემა) შესაძლოა მოხდეს ინფიცირებულ რეგიონთან უშუალო კონტაქტით. რისკები იზრდება ვაგინალური ანალური და ორალური სქესობრივი კავშირის დროს. ონკოგენური, ანუ კიბოს გამომწვევი პაპილომავირუსებით ინფექცია ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ანუ ადამიანი ამ ვირუსს ავრცელებს მაშინაც, როდესაც არ იცის, რომ თავად ინფიცირებულია.

რა გამოვლინება აქვს პაპილომავირუსის ინფექციას კაცებში?

უმეტეს შემთხვევაში პაპილომავირუსით ინფიცირებულ მამაკაცებს არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომი, მაგრამ ზოგიერთი ტიპის ინფექცია ვლინდება ანოგენიტალური მეჭეჭებით. მეჭეჭი ვიზუალურად არის ამობურცული 1 ან რამდენიმე ხორცისფერი წანაზაწარდი.

მნიშვნელოვანი ვიცოდეთ,  რომ მეჭეჭის გამომწვევი პაპილომავირუსის ტიპები არ იწვევს სიმსივნეს!

როგორ ხდება ინფექციის დიაგნოსტიკა კაცებში?

მიუხედავად იმისა, რომ ქალებისთვის არსებობს სკრინიგ-ტესტები, მაგ. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) დნმ ტესტი და ე.წ. პაპ ტესტი  პაპილომავირუსის ან ვირუსისგან გამოწვეული საშვილოსნოს ყელის დაზიანების გამოსავლენად, კაცებისათის რაიმე სახის სასკრინინგო ან სადიაგნოსტიკო ტესტი, როგორც წესი, არ გამოიყენება. ინფექციის დიაგნოზი დგინდება კლინიკურად სიმპტომებისა და რისკ-ფაქტორების შეფასებით.

არსებობს თუ არა რაიმე სახის მკურნალობა პაპილომავირუსისათვის?

სამწუხაროდ, ამ ეტაპისათვის, პაპილომავირუსის სამკურნალო მედიკამენტური ან სხვა ტიპის მეთოდი არ არსებობს. ინფექციისაგან განკურნება შესაძლებელია მხოლოდ სპონტანურად, როდესაც ბუნებრივი იმუნიტეტი უმკლავდება ვირუსს.

როგორ ავირიდოთ თავიდან პაპილომავირუსის ინფექცია?

პაპილომავირუსით ინფიცირების რისკებს წარმოადგენს:

  • სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ ასაკში დაწყება
  • ბევრი სქესობრივი პარტნიორი
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა
  • დაზიანებული ლორქოვანი გარსი ან კანის ბარიერი
  • პაპილომავირუსით ინფიცირებული პარტნიორი

ვირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად არსებობს ორი გზა.

აპვ ვაქცინა: არსებობს პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ტარდება ვირუსის ონკოგენური და გენიტალური მეჭეჭების გამომწვევი ტიპების წინააღმდეგ და 90%-ზე მაღალი ეფექტურობით იცავს ორგანიზმს ინფექციისაგან, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

ბარიერული კონტრაცეფცია: კონდომების ან სხვა ტიპის ბარიერული/მექანიკური კონტრაცეფცია პრევენციის მეთოდია, თუმცა მათი გამოყენება არასრულად ამცირებს ვირუსის გადადების რისკს, ვინაიდან მთლიანად არ ფარავს კანის თუ ლორწოვანის ზედაპირს.

როდის უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია?

საქართველოში, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით ვაქცინაცია ტარდება 10-11-12 წლის გოგოებსა და ბიჭებში. თუმცა, ამჟამად, ვაქცინაცია სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება 13-26 წლის ვაჟებში და 13-45 წლის ქალებშიც. ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე (მისი ეფექტურობა 90%-ზე მაღალია), ვინაიდან სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე იზრდება რომელიმე შტამით ინფიცირების ალბათობა, ვაქცინა კი აღარ მოქმედებს ვირუსის იმ ტიპზე, რომლითაც უკვე ინფიცირებულია ადამიანი.

ჩავიტარო თუ არა ვაქცინა, თუ უკვე ვარ ინფიცირებული პაპილომავირუსით?

საქართველოში, სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ვაქცინა ფარავს პაპილომავირუსის ოთხ განსხვავებულ ტიპს: ესენია მე-6, მე-11, მე-16 და მე-18. შესაბამისად, თუ თქვენ ინფიცირებული ხართ პაპილომავირუსის ერთი შტამით, ვაქცინა ეფექტურად დაგიცავთ დანარჩენი შტამებისაგან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მე-16 და მე-18 ტიპის პაპილომავირუსები იწვევენ კიბოს შემთხვევათა საერთო რაოდენობის 70%-ზე მეტს, ხოლო მე-6 და მე-11 ტიპის პაპილომავირუსები გენიტალური მეჭეჭების ძირითადი გამომწვევია.

არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო?

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა!

საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი მოსაზრება ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი (GACVS) ვაქცინის უსაფრთხოების მიმართ რეგულარული კვლევებზე დაყრდნობით სრულიად ადასტურებს ვაქცინის უსაფრთხოებას.

ვაქცინის გვერდით ეფექტებს წარმოადგენს:

ინექციის ადგილის ტკივილი და, ზოგჯერ, ცხელება.

სად არის შესაძლებელი ვაქცინაცია?

ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ტარდება ნებისმიერი სხვა ტიპის ვაქცინაციაც. ასეთი სამედიცინო დაწესებულება არის დაახლოებით 200 საქართველოს მასშტაბით.

საქართველოში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 10-26 წლის ვაჟებში და 10-45 წლის ქალებში.

როგორც ვაჟებში, ასევე ქალებში, 15 წლამდე ვაქცინაციის კურსი ორჯერადია, ხოლო 15 წლის შემდეგ კი სამ დოზად ტარდება.

მსგავსი/Related

Back to top button