
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებას ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა
ფართომასშტაბიანი პროტესტისა და დასავლეთის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა 14 მაისს 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. ოპოზიციური პარტიებისა და დეპუტატების პირველი რეაქცია საპარლამენტო მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადება იყო.
„სამოქალაქო საქართველო“ ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ:
ოპოზიცია
თეონა აქუბარდია, „რეფორმატორთა ჯგუფი“: „მესამეჯერ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და ევროპელი სოციალისტების ორმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს რეალურად კრემლის სასარგებლოდ შლის, ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ასრულებს ჩვენს ნატოსა და ევროკავშირში წევრობას და ჩვენს დემოკრატიას ავტორიტარიზმად აქცევს. შესაბამისად, ეს არის ის დავალება, რომელიც ივანიშვილმა უკლებლივ ყველა დეპუტატს განუსაზღვრა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას“.
ხატია დეკანოიძე, „ევროოპტიმისტები“: „პირველ რიგში მე მათ ვუთხარი და გავიმეორებ, რა თქმა უნდა საერთაშორისო სანქციები აუცილებლად იქნება, მაგრამ ყველაზე დიდი დამღა, რაც მათ, ახლა აქვთ არის შეფასება, რომელსაც მათ ახალგაზრდები აძლევენ…საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ვიზა ლიბერალიზაციის და სტატუსის პროცესს „ქართული ოცნება“, ეს 84 ადამიანი, რომელმაც დღეს, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, აყენებს საფრთხის ქვეშ. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ შეიძლება ჩვენზე, ყველაზე იძალადონ, მაგრამ ამ ძალადობამ ვერ უნდა გატეხოს საქართველოს ვერცერთი მოქალაქე. მოგიწოდებთ ყველას გამოსვლისკენ და პროტესტისკენ“.
ბექა ლილუაშვილი, „საქართველოსთვის“: „ეს არ იყო დემოკრატიული სახელმწიფოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი, ეს იყო მოძალადე ხელისუფლების დანაყოფის მოქმედება… ამ კანონს რაც შეეხება, ბოლო დღეების განმალობაში ვხედავდით, რომ ფაქტიურად კანონი შესული იყო ძალაში, საზოგადოება, მოქალაქეები გააფორმებს მოღალატეებად, სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლად, ჯაშუშებად, ეს ყველაფერი არის ლუსტრაცია“.
ანა ნაცვლიშვილი, „ლელო საქართველოსთვის“: „ დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვამბობთ. „ქართული ოცნება“ ესაა რუსული ძალა, რომლის ერთადერთი მიზანი არის საქართველოში ბიძინა ივანიშვილის რუსული ინტერესების სამსახურში ყოფნა. ჩვენს ქვეყანას ბევრი ისტორიული დღე ახსოვს და ახსოვს ბევრი დიდი გამარჯვების დასაწყისი. როგორც წესი, ყველა გამარჯვებას წინ ახლავს მოღალატეებისა და ქვეყნის გამყიდველების თვითლუსტრაცია და დღეს სწორედ ეს მოხდა. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ისინი არ არიან ქართველი ხალხის მხარეს და ემსახურებიან ოკუპანტ რუსეთს… დღეს, მაშინ როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია, „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში. „ქართული ოცნება“ პარლამენტში დამარცხებულია, იგი გასულია პოლიტიკური პროცესიდან, არღვევს კონსტიტუციას და წარმოადგენს უზურპატორ ივანიშვილს და პუტინს. მისი ერთადერთი ინსტრუმენტი ძალადობაა“.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)