skip to content
ახალი ამბები

29 ამერიკელი კონგრესმენი სანქციებით იმუქრება, თუ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი არ იქნება გაწვეული

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 29 წევრმა 10 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მკაცრი წერილი გაუგზავნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. „იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ იქნება გაწვეული, შევუერთდებით ჩვენს კოლეგებს სენატში და მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას, აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო აკრძალვის გაფართოებისა და ფინანსური სანქციების ჩათვლით იმ პირთა მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ძირი გამოუთხარა“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.

კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას ქართველი ხალხის ხმის გაგონებასა და „რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ“ სვლას შორის. „„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა აიძულებს აშშ-ს ძირეულად გადახედოს ჩვენი ურთიერთობის ხასიათს“, – აცხადებენ კონგრესმენები.

წერილში, კონგრესმენები „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავენ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო და ხაზს უსვამენ, რომ ის „ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის თაობაზე, ასევე აშშ-საქართველოს 2009 წლის ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელსაც თბილისმა და ვაშინგტონმა 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან რამდენიმე თვეში მოაწერეს ხელი.

ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მკაფიო მიზანია კონტროლის დამყარება იმ პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ხალხის გვერდით, ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. „მარტივად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც საკუთარ მომავალს დასავლეთში ხედავს“.

წერილში, კონგრესმენები უარყოფენ მოსაზრებას, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით შემუშავდა და ამის ნაცვლად, პარალელებს ავლებენ რუსეთში 2012 წელს ამოქმედებულ კანონსა და საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს შორის. წერილში ხაზგასმულია, რომ რუსული კანონიც „გამჭვირვალობის“ საბაბით იქნა მიღებული, რომელიც მოგვიანებით პუტინმა ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენა, რაც, საბოლოოდ, „საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმის“ დამყარებით დასრულდა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხალხი იმსახურებს და სურს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი. ამ კანონის მიღება საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის გავრცელების საშუალებას იძლევა“, – ნათქვამია წერილში.

კონგრესმენები ასევე საუბრობენ კანონპროექტის ირგვლივ არსებულ რიტორიკაზე და აცხადებენ, რომ ის ღრმა პოლარიზაციას იწვევს. ამ კონტექსტში ისინი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის მიმართვას იხსენებენ და ხაზს უსვამენ მის დაპირებას „დასაჯოს“ ოპონენტები.

„ბატონმა ივანიშვილმა მიანიშნა, რომ აშშ და ჩვენი პარტნიორები ევროპაში საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს დამოუკიდებლობის დღიდან“, – აცხადებენ კონგრესმენები. მათ დაგმეს ივანიშვილის „შეურაცხმყოფელი და სასტიკი განცხადებები“.

წერილის თანახმად, კონგრესის წევრების შეშფოთება კიდევ უფრო გაამწვავა მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირებამ. „ჩვენთვის ცნობილია ათობით მომიტინგე, მათ შორის ამერიკელი მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და პოლიციამ სცემა. გასულ კვირას ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ასევე თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრია, თბილისის ქუჩებში სპეცრაზმმა სცემა“.

ამერიკელმა კანონმდებლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება კანონპროექტის მიმართ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც რუსეთიდან მოდის. „ის ფაქტი, რომ თქვენმა ქმედებებმა გამოიწვია თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან დაგმობა და ქება იმ ქვეყნისგან, რომელსაც თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ საქართველო არასწორი მიმართულებით მიგყავთ“, – აცხადებენ კონგრესმენები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button