პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 18 აპრილს.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, „გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა“.
პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა, სავარაუდოდ, ამ ვეტოს დაძლევს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.
4 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიიღო, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება თავიანთი საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ. საარჩევნო კოდექსის წინა ფორმულირებით, პარტიული სიაში ოთხიდან ერთი კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)