ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს.

შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობას.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი „მჭიდრო მეგობრობა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, რომელიც დაფუძნებულია ძლიერ ისტორიულ კავშირებსა და საერთო ღირებულებებზე“.

სხვა საკითხებთან ერთად მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ძალისხმევა.

პრემიერ-მინისტრების შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ „მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე“ ისაუბრეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

„მოხარული ვარ სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრით, სადაც ჩვენ გამოვხატეთ ერთგულება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ Twitter-ზე და დასძინა, რომ „ხაზი გავუსვით რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მნიშვნელობას ორმხრივი კეთილდღეობისთვის და წინსვლისთვის“.

მისი თქმით, მხარეებმა ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ურყევი ერთგულება გამოხატეს სტაბილურობის, მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის დაცვის მიმართ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიესალმა ირაკლი კობახიძის ვიზიტს ერევანში და დაწერა Twitter-ზე, რომ მათ განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელების საკითხი. „შევთანხმდით ჩვენი ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების განვითარებაზე. ასევე განვიხილეთ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის თემები“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები  

ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა გაიხსენა, რომელმაც, მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხარისხობრივად განსხვავებულ დონეზე აიყვანა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო „მტკიცედ უჭერს მხარს“ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. მისი თქმით, საქართველო მზადაა პოზიტიური როლი ითამაშოს ამ კუთხით.

მან იმედი გამოვთქვა, რომ „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება სათანადო შეთანხმებით“.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მან თავისი სომეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ამას „მნიშვნელოვანი მოვლენა“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ სომხეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზეც. პრემიერმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მხარს უჭერდა და კვლავაც უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს.

მან ასევე გაიხსენა 2024 წლის იანვარში თბილისში გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-13 სხდომა, სადაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მხარეებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ ამ „ამბიციური“ გეგმების განხორციელების პრაქტიკული გზები.

ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა „ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარებას“, რაც „ამ დეკლარაციის მნიშვნელოვანი ელემენტია“. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა.

„საქართველოსთან თანამშრომლობის მუდმივ გაღრმავებასა და გაფართოებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების, არამედ რეგიონში სტაბილურობისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

პრემიერმა ფაშინიანმა ქართველ კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესების შესახებ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button