ახალი ამბები

„კარტოგრაფების“ საქმის მთავარი ფიგურანტი დავით ხიდაშელი ოთხი წელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა

დავით ხიდაშელი,  ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ მთავარი ფიგურანტი და სანქცირებულ რუს ბიზნესმენ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირი, 2020 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია 15 მარტის განცხადებაში დაადასტურა.  

ერთი დღით ადრე, ხსენებული ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მან ანონიმური წყაროებისგან მიიღო, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობისას რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენს შესაძლოა წვდომა ჰქონოდა საიდუმლო სახელმწიფო დოკუმენტებზე, მათ შორის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მართალია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხიდაშელის მრჩევლად მუშაობის ფაქტი დაადასტურა, მან ისიც აღნიშნა, რომ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება არ ჰქონია.

ვინ არის დავით ხიდაშელი?

დავით ხიდაშელი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ცნობილია მჭიდრო კავშირებით ვლადიმირ პუტინის ახლო წრესთან, მათ შორის სანქცირებულ ბიზნესმენ ვლადიმირ ევტუშენკოვთან, რომელიც მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას. 2007 წლიდან 2014 წლამდე ხიდაშელი ევტუშენკოვის საკუთრებაში არსებული რუსული კონგლომერატის AFK Sistema PAO-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

ის ასევე ცნობილია იმ საკვანძო როლით, რომელიც ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში“ ითამაშა, სადაც „ქართული ოცნების” ხელისუფლება ყოფილ საჯარო მოხელეებს აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის მცდელობას ედავებოდა. ხიდაშელმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის თხოვნით „დაკარგული“ რუკები რუსეთში მოიძია და ჩამოიტანა. საქართველოს პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ხიდაშელის მიერ მოპოვებული რუკები ყველაზე ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს ისტორიულ საზღვრებს და რომ ბრალდებულებმა განზრახ დამალეს ეს რუკები მათი გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

კიდევ ერთ სადავო საქმეში, 2022 წელს, ხიდაშელის კერძო კომპანიას საქართველოს მთავრობამ 49-წლიანი ნადირობის ლიცენზია მიანიჭა რაჭის ტყის 104 712 ჰექტარზე, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ნადირობის ლიცენზია აუქციონზე 1 151 832 ლარად გაიყიდა. პროტესტის გამო ლიცენზია გაუქმდა.

პოლიტიკოსების გამოხმაურებები

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრომ უარყო ტელეკომპანია „მთავარის“ ბრალდებები, რომ ხიდაშელს შესაძლოა სახელმწიფო საიდუმლოებაზე ჰქონდა წვდომა, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ საკითხს მაინც ეჭვის თვალით უყურებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ხიდაშელის რუსულ კავშირებს უსვამენ ხაზს, შეშფოთებას გამოთქვამენ საიდუმლო ინფორმაციაზე მისი შესაძლო წვდომის გამო. ზოგიერთი მათგანი ასევე ეჭვქვეშ აყენებს ხიდაშელის ოფიციალურ დანიშვნას თავდაცვის მინისტრის მრჩევლად და ამბობს, რომ ხიდაშელს საჯარო თანამდებობის დაკავების გარეშეც შეეძლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია. კითხვის ნიშნებს აჩენს ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხიდაშელის ხელფასი მხოლოდ 1000 ლარი იყო.

იმავდროულად, მმართველი პარტიის წევრებმა უარყვეს შეშფოთება ხიდაშელის რუსულ კავშირებთან დაკავშირებით, და სანაცვლოდ „კარტოგრაფების საქმეში“ მის როლს, ასევე მინისტრის მრჩევლად მისი დანიშვნის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლის თანამდებობას 9 თებერვლამდე იკავებდა, ხოლო „იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, დავით ხიდაშელს შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button