ახალი ამბები

ისლანდიის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ისლანდიის პრეზიდენტის გუდნი იოჰანესონი 5 მარტს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.

ვიზიტის ფარგლებში ისლანდიის პრეზიდენტი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.

ისლანდიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქართველ და ისლანდიელ ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში ისლანდიის პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

5 მარტს ორბელიანების სასახლეში ისლანდიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მათ რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის შავი ზღვის მნიშვნელობა ნატოს სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გეგმები. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა იოჰანესონმა საოკუპაციო ხაზზე სტუმრობის სურვილი გამოთქვა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავებაში ისლანდიის გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს წარსული ტრაგიკული შემთხვევები გაიხსენა. მისი თქმით, ქვეყანამ უნდა გააღრმავოს ისლანდიასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით.

პრეზიდენტმა იოჰანესონმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ისლანდიის სრული მხარდაჭერა გამოხატა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მწვანე ენერგიაზე და ქვეყნებს შორის შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ისლანდიის პრეზიდენტმა დიდი ხნის წინანდელი შეხვედრა გაიხსენა ქართველებთან, რომლებმაც მისი სახელი თარგმნეს როგორც „გუდუნა ივანიშვილი“.

„ამრიგად, გუდუნა ივანიშვილი მოხარულია, რომ აქ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა იოჰანესონმა.

„Ბატონო პრეზიდენტო, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ – ერთიანობა პატარა ერებს შორის უმნიშვნელოვანესია. თანამშრომლობა ადამიანის უფლებებიდან მწვანე ენერგიამდე აძლიერებს ჩვენს ხმას! მოუთმენლად ველი ერთობლივ მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტვიტერზე.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა თბილი დახვედრისთვის და დღევანდელი შესანიშნავი დისკუსიებისთვის. ისლანდიის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში მართლაც ისტორიული მოვლებაა და მომავალში უფრო ძლიერ კავშირებზე მიუთითებს“, – წერს პრეზიდენტი იოჰანესონი ტვიტერზე.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

6 მარტს, პრეზიდენტი იოჰანესონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

მთავრობის პრეს-რელიზის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი ისლანდიასა და საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაუსვეს ვიზიტების შემდგომი გაცვლისა და საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური პარტნიორობის მნიშვნელობას. „ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა ამ მიმართულებებით არსებული თანამშრომლობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობა“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

6 მარტს ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ისლანდიის რესპუბლიკიდან საქართველოში პირველი მაღალი დონის ვიზიტის განხორციელების მნიშვნელობას. მან ისლანდიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მიზნების მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ისლანდიის პრეზიდენტმა პატარა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისლანდიას შორის თანამშრომლობის პოტენციურ მიმართულებებზე, როგორებიცაა განახლებადი ენერგია, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ინოვაციები, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები.

გუდნი იოჰანესონმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და დიდი პოტენციალი წყლის ენერგიის გამოყენების მხრივ.

შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან

საქართველოს ეკონომის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ისლანდიის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრაში, სადაც მათ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 

მინისტრმა პრეზიდენტ იოჰანესონს საქართველოს ზოგადი ეკონომიკური სურათი და მიმდინარე მაჩვენებლები გააცნო, რა დროსაც მთავარი აქცენტი ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალსა და ამ მხრივ ისლანდიასთან თანამშრომლობის, მათ შორის საინვესტიციო პარტნიორობის შესაძლებლობებზე გააკეთა.  

ლევან დავითაშვილმა ასევე გამართა შეხვედრა ისლანდიის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრ გუდლეიგურ თორ თორდარსონსთან და მასთან რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე

7 მარტს ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზს ეწვია. ისლანდიის პრეზიდენტმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია როგორც ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შესახებ.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ იოჰანესონის ვიზიტს საოკუპაციო ხაზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც „უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად“.

ისლანდიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. „ჩემს დღევანდელ ვიზიტს შესაძლოა გარკვეულ წილად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს და რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ მსგავსი სიტუაციის არსებობას. გამოსავალი მოსაძიებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button