შემოსავლების სამსახური სანქციების თავის არიდების ბრალდებებზე აშშ-ის განმარტებას ითხოვს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 29 თებერვალს უარყო აშშ-ის სენატის მუდმივმოქმედი საგამოძიებო ქვეკომიტეტის მოსმენაზე გაჟღერებული ბრალდებები, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არღვევს.
„კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა და დასძინა, რომ მან ამერიკელი კოლეგებისგან განმარტება და მტკიცებულებები მოითხოვა.
შემოსავლების სამსახურის თქმით, „საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით“.
27 თებერვალს გამართულ მოსმენაზე, ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ აშშ-ის ტექნოლოგიური მიღწევები აძლიერებს რუსეთის ბრძოლისუნარიანობას უკრაინაში. „ამერიკელი მწარმოებლები ამარაგებენ და მხარს უჭერენ მზარდ და უზარმაზარ რუსულ საომარ მანქანას… რუსები ამერიკულ ტექნოლოგიაზე ამყარებენ იმედებს“, განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენი ექსპორტის კონტროლის რეჟიმი ლეტალურად არაეფექტურია და რაღაც უნდა გაკეთდეს“.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გამოძიება გრძელდება, ჩვენი თავდაპირველი დასკვნები გვიჩვენებს, რომ მესამე მხარის შუამავლები, რომლებიც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში მდებარეობენ, აშშ-ის მიერ ექსპორტის კონტროლის თავიდან აცილებისთვის გამოიყენება“, – განაცხადა სენატორმა.
ამ კონტექსტში, მან ოთხი კომპანიის მიერ ყაზახეთში ექსპორტის „ასტრონომიულ ზრდაზე“ გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მათი პროდუქცია იმ ტექნოლოგიური პროდუქციის ძირითადი ნაწილია, რომელიც შემდეგ რუსეთის შეიარაღების სისტემებში ხვდება და რომლის ექსპორტიც, მისი თქმით, 2021 წლიდან 2022 წლამდე, ათასჯერ გაიზარდა. ამასთანავე, ამავე პერიოდში, ექსპორტი საქართველოში 34-ჯერ, ექსპორტი სომხეთში 28-ჯერ, ექსპორტი თურქეთში გაორმაგდა, ხოლო ფინეთში 1.5-ჯერ გაიზარდა.
კიდევ ერთი სენატორის, რესპუბლიკელი რონ ჯონსონის თქმით, „წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე“, არასანქცირებულ ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს, ფინეთს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქეთს, როგორც ჩანს, „ლეგალურად შემოაქვთ სამხედრო კომპონენტები აშშ-დან და შემდეგ პირდაპირ ან ირიბად ახორციელებენ ნახევარგამტარების ექსპორტს რუსეთში საბოლოო მომხმარებლებთან“.
მოსმენა მიეძღვნა იმის განხილვას, თუ როგორ ხვდება აშშ-ის ტექნოლოგიები რუსეთის ხელში და რა გზით შეიძლება ამის აღკვეთა.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/10/2023 – მედია: საქართველოს რკინიგზას სანქცირებულ კომპანიასთან არაპირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი აქვს
- 20/10/2023 – გრიგოლ ლილუაშვილი: აშშ-ს ფარცხალაძეზე მტკიცებულებები არ მოუწოდებია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)