skip to content
ახალი ამბები

„აზოვსტალის“ ქართველ მცველს ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა 20 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 წლის მამუკა გაწერელიას, რომელიც საქართველოს მოქალაქე და „აზოვსტალის“ მცველია უკრაინაში, დონეცკის ოკუპირებულ რეგიონში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა სავარაუდოდ „სამი რუსი ჯარისკაცის მკვლელობისთვის“. გაწერელია ტყვედ 2022 წლის მაისში მარიუპოლში ჩავარდა.

გაწერელია დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აღნიშნული პირის მიერ კანონიერი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით) და 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობა).

2023 წლის დეკემბერში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გაწერელიას საქმის გამოძიება დახურულია და მისი საქმე სასამართლოს გადაეცემა. მომდევნო დღეებში მამუკა გაწერელიას დედამ, დალი ჩხეიძემ „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ მან დახმარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში უკრაინის საელჩოს სთხოვა, თუმცა მათ ვერ უზრუნველყვეს გაწერელიას უსაფრთხოება.

დალი ჩხეიძის თქმით, მამუკა გაწერელია ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იგი საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. 2022 წლის მარტში 20 წლის მამუკა გაწერელია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისედ გაწევრიანდა.  მას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან და ოფიციალურად ირიცხებოდა მსროლელად, უკრაინის არმიის უცხოელ მოხალისეთა ლეგიონში.

მიუხედავად ამისა, რუსული მხარე უარს ამბობს მის გაცვლაზე უკრაინული მხარის მიერ დატყვევებულ რუს ჯარისკაცებზე. „ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის“ დამფუძნებელმა ლაშა დიაროვიმ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ რუსული მხარე უარს ამბობს  პატიმართა გაცვლის პროგრამაში მის ჩართვაზე, რადგან მას ქართული პასპორტი აქვს და რუსეთი დაქირავებულად მებრძოლად განიხილავს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, რომ იგივე ბედი შეიძლება ეწიოს რუსული მხარის მიერ დატყვევებულ კიდევ ორ ქართველ სამხედროს – გიორგი გოგლიძეს და გიორგი ჩუბითიძეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button