skip to content
ახალი ამბები

NDI საქართველოში წინასაარჩევნო შეფასების მისიას იწყებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში წინასაარჩევნო შეფასების მისიას იწყებს, რომლის ფარგლებში NDI-ს დელეგაცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს შესაფასებლად. პირველი შეხვედრა დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართა.

შეხვედრაზე, რომელსაც პაპუაშვილთან ერთად ესწრებოდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. გივი მიქანაძე, მხარეებმა განიხილეს წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა, პარტია „ქართული ოცნების” შეფასებები და მოლოდინები არჩევნებთან დაკავშირებით, აგრეთვე, პარტიის წინასაარჩევნო გეგმები.

დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. შეხვედრის მთავარი თემა იყო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები ცესკოს დაკომპლექტების წესში, რაც, მათი თქმით, მხოლოდ გაზრდის პოლიტიკურ ზეწოლას ცესკოზე და ძირს გამოუთხრის მის ნეიტრალიტეტს.

21 თებერვალს დელეგაციამ დიპლომატიური კორპუსის, ასევე კრიტიკული და სახელისუფლებო მედიების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს მედიაგარემოზე, ჟურნალისტური საქმიანობის გამოწვევებზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის ნაკლებობაზე და კრიტიკული მედიისთვის ინტერვიუს მიცემაზე უარის შესახებ ისაუბრეს.

22 თებერვალს, NDI-ს დელეგაციის წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართეს შეხვედრა. ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა  დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. მათ შორის ყურადღება გაამახვილა ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიასა და საგანმანათლებლო პროექტებზე, ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგების და სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების აქტიურ ჩართვას საარჩევნო პროცესში და მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

23 თებერვალს NDI-ს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს. აღინიშნა, რომ წელს, პირველად, არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც გულისხმობს ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტრონულად.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და უზრუნველყოფილი იყოს ძალიან ფართო დაკვირვება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგრეთვე საქართველოსა და NDI-ის შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დელეგაციის ხელმძღვანელმა, შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტის როლს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა, რომ NDI-ის მისია წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ადრეულ ფაზაში იწყებს, რადგან „26 ოქტომბრის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებისათვის“. საუბარი ასევე შეეხო მოახლოებულ არჩევნებში დიასპორის მონაწილეობას და რუსეთისგან მომდინარე შესაძლო ჰიბრიდულ საფრთხეებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქარტიის შექმნის თაობაზე მისი ინიციატივის შესახებ, რომლის მიზანიც ევროპულ მომავალსა და ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე თანხმობის მიღწევაა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

NDI-ის დელეგაცია 19-23 თებერვალს შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. შეფასების დასრულების შემდეგ, დელეგაცია საკუთარ დასკვნებსა და რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს. სადამკვირვებლო მისია მოიცავს დამატებით, მეორე წინასაარჩევნო დელეგაციის ვიზიტს, გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფისა და არჩევნების დღის სადამკვირვებლო დელეგაციის მუშაობას.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button