ახალი ამბები

2023 წლის  საქართველოს მმართველობის ინდექსი ქვეყნის შესახებ ნაკლებად ოპტიმისტურია

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) საქართველოს მმართველობის ინდექსის (GGI) რიგით მესამე გამოცემა გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნის შესახებ ნაკლებად ოპტიმისტურ სურატს ხატავს და აცხადებს, რომ საქართველოს საქმიანობა მმართველობის არცერთი მიმართულებით არ არის ოპტიმალური. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის მონაცემები მოიკოჭლებს ეფექტიანი მმართველობის კატეგორიაში და ასევე გაუარესებულია საგარეო მმართველობების მიმართულებითაც.

ამასთან, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დემოკრატიული მმართველობის სექტორში გამოვლინდა, თუმცა „ეს, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოვლენილ დემოკრატიულ მედეგობასა და საქართველოს პრეზიდენტის დამოუკიდებელ აქტორად ჩამოყალიბებას შეიძლება მივაწეროთ, ვიდრე შესამჩნევ პროგრესს ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ ფუნქციონირებაში“.  

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) საქართველოს მმართველობას ოთხი ძირითადი მიმართულებით აფასებს: დემოკრატია და ადამიანის უფლებები (დემოკრატიული მმართველობა), სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობა (ეფექტიანი მმართველობა), სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა) და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (საგარეო მმართველობა). მეთოდოლოგიურად GGI აერთიანებს როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ კვლევის მეთოდებსა და ეპისტემოლოგიას. ინდექსის ქულების სისტემა ეყრდნობა GGI-ის ექსპერტთა გამოკითხვას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოზე მომუშავე 47-მა ექსპერტმა სხვადასხვა სფეროდან. რაოდენობრივი კვლევა შეივსო თვისებრივი ანალიზით, რომელიც საქართელოს პოლიტიკის ინსტიტუტის გუნდმა ჩაატარა.

დემოკრატიული მმართველობა

2023 წელს დემოკრატიული მმართველობა „შორს არის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისგან“, ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, საქართველომ GGI-ის ექსპერტთა გამოკითხვაში 100-დან 41,65 ქულა მიიღო. ანგარიშის თანახმად, ძირითად გამოწვევეს შორის იყო პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია, სასამართლოს რეფორმიერებაში პროგრესის ნაკლებობა, კამპანია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და ამ მიზნით ინიცირებული კანონები, მედიისა და სამოქალაქო საზოაგდოებისადმი მტრულად განწყობილი გარემო და ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულების შესუსტების მცდელობები. ამ ყველაფრის მიუხედავად, დემოკრატიულმა მმართველობამ GGI-ის ინდექსში, სხვა მიმართულებებთან შედარებით, წინა წლიდან ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა და 2022 წლის 27,33-დან 2023 წელს 41,65-მდე გაიზარდა, რომელზეც „გავლენა იქონია სამოქალაქო საზოგადოების და პრეზიდენტის კომპონენტისთვის ექსპერტების მიერ მიცემულმა მაღალმა ქულებმა“.

ანგარიშის თანახმად, სასამართლო რეფორმის წარუმატებლობა კვლავ რჩება ქართული დემოკრატიის მთავარ სისუსტედ. შარშანდელთან შედარებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდა 2023 წელს. „სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კომპეტენციის ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც გამოკითხვაში მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ეფექტიანი მმართველობა

ეფექტიანი მმართველობა კვლავ პრობლემატურ კატეგორიად რჩება 2023 წელსაც, რომელმაც ექსპერტთა გამოკითხვის შედეგად საგარეო მმართველობის შემდეგ რიგით მეორე უდაბლესი ქულა მიიღო – 100-დან 33.26 ქულა.

2022 წლის მსგავსად, 2023 წელსაც მთავარ პრობლემებს არაფორმალური მმართველობა, პოლიტიკური კორუფცია, ძალაუფლების მონოპოლიზაცია და დამოუკიდებელი სასამართლო წარმოადგენდა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წელსაც დაფიქსირდა, რომ სახელმწიფო ლეგიტიმურ ძალაუფლებას ძალადობრივ ჯგუფების მიმართ მოზომილად იყენებს, რაც პერიოდულად ისახება პოლიტიკური ოპონენტებისა და უმცირესობების კონსტიტუციის გარანტირებული უფლებების შეზღუდვაში. ამასთან, 2023 წლის განმავლობაში გრძელდებოდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ არაფორმალური მმართველობა და ლეგიტიმაციის ალტერნატიული წყაროების არსებობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რასაც ხელს უწყობს ძალაუფლების მონოპალიზაცია მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ, მყიფე პოლიტიკური ინსტიტუტები და დამოუკიდებელი სასამართლოს არაეფექტიანობა.

ანგარიშის თანახმად, წინგადადგმულ ნაბიჯებს შორის არის საჯარო მმართველობის ახალი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება.  

სოციალური და ეკონომიკური მმართველობა

სოციალურ-ეკონომიკური მმართველობის საერთო ქულა 2023 წელს 38,22 იყო. სოციალურ-ეკონომიკურმა მმართველობამ ამ ქულით მეორე ადგილი დაიკავა მმართველობის სხვა სფეროებს შორის. „შედარებით მაღალი ქულა განპირობებულია ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებით, ინფლაციური წნეხის შემცირებით და გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებით სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, ძირითადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

2022 წლის მსგავსად, ყველაზე დაბალი ქულა დაფიქსირდა ეკონომიკურ ჩარჩო-პოლიტიკასა და შრომის ბაზრის პოლიტიკაში. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე კიდევ უფრო შემცირდა, სიღარიბე და ეკონომიკური დაბრკოლებები საზოგადოების მთავარ პრობლემად რჩება. ამასთან, დაბალი ხელფასები და სამუშაო შესაძლებლობების ნაკლებობა კვლავ რჩება საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომითი ემიგრაციის ძირითად მიზეზებად.   

საგარეო მმართველობა

GGI-ის ინდექსის გამოკითხვის მონაწილე ექსპერტების მიერ საგარეო მმართველობისთვის მინიჭებული საერთო ქულა 2022 წელს არსებული 34,77-დან 2023 წელს 26,42-მდე დაეცა. ეს დინამიკა გამოიწვია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მმართველობაში დადებითი და უარყოფითი ფაქტორების ერობლიობამ. დოკუმენტის თანახმად, გარკვეულ სფეროებში უკუსვლა ან წინსვლის ნაკლებობა აღემატება 2023 წლის მნიშვნელოვან მიღწევებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, მისი ურთიერთობები ევროკავშირთან „სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება“. ამასთან, „ბრიუსელი შეშფოთებულია საქართველოს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის მაჩვენებლის დაქვეითებით“.

მეორე მხრივ, როგორც ნატოს 2023 წლის სამიტმა აჩვენა, საქართველოს არ ჰქონია მნიშვნელოვანი წინსვლა ნატოში გაწევრიანებისკენ. „ევროპის არალიბერალურ რეჟიმებთან დაახლოება, ისევე როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება კითხვის ნიშნებს ბადებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკოს ვექტორთან, გეოპოლიტიკურ პოზიციებთან და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button