ახალი ამბებიდაწვრილებით

სავარაუდოდ ზედოზირებით ახალგაზრდას გარდაცვალებამ სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის შესახებ წუხილები განაახლა

სავარაუდოდ ზედოზირებით ახალგაზრდას გარდაცვალებამ სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის შესახებ წუხილები განაახლა, რა დროსაც ზოგი მის შერბილებას, ზოგი კი გამკაცრებას ითხოვს. იქნება ეს პოლიტიკის, ჯანმრთელობის, სოციალური თუ რელიგიური თვალსაზრისით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ არსებობს დიდი რაოდენობით გამოწვევები ნარკოტიკების საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც აქტუალურია ქვეყანაში.

გარდაცვალებას სატელევიზიო გადაცემებსა და სოციალურ ქსელებში განხილვები მოყვა სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის არაადეკვატურობის თაობაზე, ხოლო ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, მრევლთან ერთად, კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პარაკლისი გადაიხადა. თუმცა, როგორც ყოველთვის, დებატები და დისკუსიები მანამ გაგრძელდა, სანამ მორიგმა ახალმა ამბავმა ეს თემა საჯარო დისკურსიდან და ტელეეკრანებიდან არ გამოდევნა.

კლუბ „ბასიანის“ განცხადება

ზედოზირებით ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ ხმები რამდენიმე დღე ვრცელდებოდა, რის შემდეგაც კლუბმა „ბასიანმა“, სადაც სავარაუდოდ ინციდენტი მოხდა, განცხადება გამოაქვეყნა და 19 წლის გოგონას დაღუპვის შესახებ დეტალები განმარტა. განცხადების თანახმად, ახალგაზრდა გოგონა კლუბს 27 იანვარს, კვირას, დილის 07:30 საათზე ეწვია, ხოლო 10:40 საათზე „ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით“ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან, ხოლო დაახლოებით 10-12 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

„ბასიანი“ ასევე გამოეხმაურა „დეზინფორმაციას“ ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისგან კლუბის კიდევ ერთი სტუმრის გარდაცვალების თაობაზე და განაცხადა, რომ „აღნიშნული არ შესაბამება სიმართლეს, არის სიცრუე, და მისი გავრცელება სასიკეთო მიზნებს არ ემსახურება“. კლუბმა მოუწოდა „მადისკრედიტირებელი კამპანიის ავტორებს, შეწყვიტონ ტრაგედიით ურცხვად მანიპულირება“. მისი თქმით, მსგავს კამპანიას წარსულში, 2018 წელს, პოლიციის მიერ კლუბის დარბევა, შედეგად კი არეულობა და საპროტესტო აქციები მოყვა.

ხაზი გაუსვა რა, რომ უსაფრთხო სივრცის შექმნის იდეა „ბასიანის“ მთავარი მიზანია, კლუბმა განაცხადა, რომ მისი გუნდის 50-ზე მეტ წევრს გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები. „არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის დაცვისა და გაფრთხილების რესურსები და შესაძლებლობები შეზღუდულია და რადიკალური პრევენციული ზომების მიღება – შეუძლებელი, ის არათუ პრობლემის გადაჭრისკენაა მომართული, არამედ თავად ხდება პრობლემის, ზოგჯერ კი საუბედუროდ ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი“, – ნათქვამია განცხადებაში. კლუბმა ასევე განაცხადა, რომ „საკლუბო კულტურის მიზანმიმართული დემონიზირებისა და დისკრედიტაციის ნაცვლად, შედეგის მომცემი იქნება, პასუხისმგებლობა შევახსენოთ სახელმწიფოს, ვის ხელშიცაა სისტემური ცვლილების მთავარი ბერკეტი ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად“.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული სტატისტიკა

„ეს ძალიან ცუდი ფაქტია, რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, გახმაურდა, თუმცა არ არის იშვიათი, სამწუხაროდ. ყოველწლიუად, დაახლოებით 30-40-ის ფარგლებში მერყეობს ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. ეს მსოფლიო პრობლემაა, დამერწმუნებით ყველა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მან არ დააკონკრეტა ზედოზირების სტატისტიკური მონაცემები, რაც ღია კითხვად რჩება.

გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ტრანზიტური ქვეყანაა და სამწუხაროდ, ნარკოტიკები „შემოდის“, თუმცა „100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ ვერანაირად“.

მინისტრმა სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობა აღიარა, თუმცა თავი შეიკავა საბოლოო ხედვის შეთავაზებისგან, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ან შერბილების თემას, მან განაცხადა: „მარტო გამკაცრება საქმეს არ შველის. აქ კომპლექსური სამუშაოა ნარკოტიკების მიმართულებით“.

იმავდროულად, 2023 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკული მონაცემების თანახმად, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები გაზრდილია 20.53%-ით, რასაც შსს „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიან სამართლებრივ პოლიტიკასა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტიურ ბრძოლას“ უკავშირებს.

საპირისპირო შეხედულებები

ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა საკითხებმა შესაძლოა ისეთი ყურადღება არ მიიქციოს, როგორც სხვა საკამათო თემებმა საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი მაინც გამოეხმაურა ამ საკითხს.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ხელისუფლება ძირეული მიზეზების მოგვარების უგულებელყოფაში დაადანაშაულა: „სანამ ადამიანები ნარკოტიკს ყიდულობენ შავ ბაზარზე და მათ დასდევს პოლიცია, მანამდე იქნება მსხვერპლი“, – განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, არსებული სისტემის პირობებში, ადამიანები მაინც ახერხებენ ნარკოტიკების ყიდვას, თუმცა მათ ხარისხსა და შემადგენლობაზე წარმოდგენა არ აქვთ. „მანამ სანამ ნარკოპოლიტიკის მიზანია ადამიანების კონტროლი, მათგან ფულის გამოძალვა და მათი გამოყენება საარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის, ეს რეალობა არ შეიცვლება“, – განაცხადა მან და მთელი სისტემა, მათ შორის შსს და საქართველოს საპატრიარქო იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი არსებული პოლიტიკის ლიბერალიზაციას ეწინააღმდეგებიან. „ნარკოტიკით გარდაცვალების მიზეზი არის ის, რომ სისტემამ აიძულა ისეთი რაღაცა ეყიდა, რაც არ იცოდა“, – განაცხადა მან და დასძინა: „ეს რომ ყოფილიყო დღის შუქზე, ესე არ დამთავრდებოდა“.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ნარკოტიკები თავისუფლად ხელმისაწვდომია, მათ შორის სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით, როგორიცაა „ტელეგრამი“. მან ხელისუფლება ამ საკითხის არასაკმარისი და არაეფექტური კონტროლის გამო დაადანაშაულა. უფრო მეტიც, დოლიძის თქმით, ხელისუფლება დილერებთან თანამშრომლობს, რადგან სხვაგვარად, მისი თქმით, ქვეყანაში ნარკოტიკები ხელმისაწვდომი არ იქნებოდა. დოლიძემ ასევე განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს საზღვრის კონტროლის მექანიზმები, რათა უკეთ გააკონტროლოს უკანონო ნივთიერებების შემოდინება ქვეყანაში.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც პოლიციამ კლუბი „ბასიანი“ დაარბია 2018 წელს, განაცხადა, რომ ქვეყანას არ აქვს არც რეპრესიული და არც ლიბერალური ნარკოპოლიტიკა. მისი თქმით, საქართველოს საერთოდ არ გააჩნია ნარკოპოლიტიკა. „კლუბური ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკი ნარკოტიკია და კლუბური ნარკოტიკიც კლავს, ისევე როგორც ყველა სხვა ნარკოტიკი“, – განაცხადა მან.     

პარაკლისი „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე

19 წლის გოგონას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, მრევლთან ერთად, 9 თებერვალს კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პარაკლისი გადაიხადა, რა დროსაც გამოითქვა კრიტიკა არა მხოლოდ ნარკოპოლიტიკის, არამედ თავად კლუბების წინააღმდეგაც. დეკანოზმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა, ოპოზიცია, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები დაფიქრდებიან ამ საკითხზე და გზასაცდენილ ახალგაზრდებს დაფიქრებისკენ მოუწოდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის რეკომენდაციები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ზედოზირებით დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც არსებულ პრობლემებს ავლენს და ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგისკენ მოუწოდებს.

სოციალური სამართლიანის ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას ადრეული  გაფრთხილების/შეტყობინების სისტემის (EWS) არალეგალური ნარკოტიკების ბაზრის მონიტორინგისა და  სახიფათო ნივთიერებების გამოვლენის მიზნით. ორგანიზაცია ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ამახვილეს ყურადღებას. ეს მედიკამენტი ეფექტურად მოქმედებს ოპიოიდების დოზის გადაჭარბებისას, სწრაფად გამოყავს ადამიანი უგონო მდგომარეობიდან და უზრუნველყოფს სუნთქვის აღდგენას. 2022 წლიდან მისი შეძენა რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი, თუმცა სააფთიაქო ქსელებში პრეპარატის მარაგი საკმაოდ მცირეა.

ორგანიზაციის თქმით, ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირებისას ლეტალური შედეგის პრევენციის ერთ-­ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი პირველადი პრევენციის გაძლიერება და სკოლებში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების დანერგვაა. ორგანიზიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით ზედოზირებით სიკვდილის ფაქტების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, სტატისტიკის არარსებობის პირობებში კი ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციის პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელება ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ზიანისა და შედეგების თაობაზე ცნობიერების ასამაღლებლად.  

ორგანიზაციის თქმით, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს  ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმა, რომელიც „სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ იქნება მიმართული“.

მიდგომის განახლების არანაირი ნიშანი არ ჩანს

კლუბებში ნარკოტიკების შავი ბაზრის სავარაუდო არსებობის შესახებ ცნობები ხშირად პოლიციის რეიდებით სრულდებოდა. პირებს, რომელთაც კლუბური ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის გამოყენება ედებათ ბრალად, შესაძლოა ხანგრძლივი პატიმრობა დაემუქროთ. მიუხედავად პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ განსხვავებული შეხედულებებისა, საკითხი ფართო პოლიტიკურ დისკუსიებში მაინც ვერ ექცევა, თუნდაც საარჩევნო წლის დასაწყისში, და ეს იმ ფონზე, როდესაც ნარკოტიკების მოხმარება ყოველწლიურად იზრდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button