ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 2 თებერვალი

ევროპა – ომსა და სიყვარულში

პირველ თებერვალს, ბრიუსელში გამართულ ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტზე, ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფოს ლიდერი, ვიქტორ ორბანის ჩათვლით, უკრაინისთვის 50 მილიარდ ევროიანი დახმარების პაკეტზე შეთანხმდა. ევროკავშირის დახმარების ეს მსუყე პაკეტი ოთხ წელზეა გათვლილი და ის, ომში მყოფ უკრაინას ეკონომიკის გადარჩენასა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში უნდა დაეხმაროს. უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ შარშარნ დეკემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ამ შეთანხმებას უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ბლოკავდა. ამჯერად, ვიქტორ ორბანმა საერთო ევროპულ წნეხს ვერ გაუძლო და უკრაინისთვის მსხვილი, ევროპული დახმარების გამოყოფას დაყაბულდა. ეხლა, ევროკავშირის დახმარების ეს პაკეტი ევროპარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს. როგორც ბრიუსელში ამბობენ, ამ თემას ევროპარლამენტი თებერვლის ბოლოს გაიტანს კენჭისყრაზე, რაც ნიშნავს რომ უკრაინა პირველ რამდენიმე მილიარდ ევროს მარტი-აპრილის პერიოდში მიიღებს.


შარლ მიშელის გადაფიქრება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იანვრის დასაწყისში მოფიქრებული  ვადამდელი გადადგომა და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა იანვრის ბოლოს გადაიფიქრა და წლის ბოლომდე, თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა. ჩემმა გადადგომისა და ევროპარლამენტის არჩევნებში კენჭისყრის გეგმებმა ისეთი აყალმაყალი გამოიწვია, მირჩევნია თანამდებობაზე დავრჩე და საქმეებს მივხედოო – უთქვამს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. მიშელის ვადამდელი წასვლის თემამ, მართლაც ბევრ ევროპელ პოლიტიკოსსა თუ ჩინოვნიკს აურია ფიქრები – ზოგს მისი შემცვლელის მოძიება აღელვებდა, ზოგს კი – ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანიაში ჩართული მიშელის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მოკლედ, შარლ მიშელმა მისი ვადამდელი წასვლით გამოწველ ვნებათაღელვას წერტილი დაუსვა და თანამდებობაზე დარჩა. ალბათ, გავლენიანი ხალხისგან დაპირებაც მიიღო – ეს შფოთიანი წელი გადაგვაგორებინე და უპატივცემულოდ არ დაგტოვებთო.


ფინეთი ახალი პრეზიდენტის ძიებაში

საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ფინეთში, სადაც მეორე დილითვე გამოირკვა, რომ ახალი პრეზიდენტის გამოსავლენად, მეორე ტურის ჩატარებაც იქნებოდა საჭირო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ფინეთის ყოფილი პრემიერი, ალექსანდრე სტუბი და საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო გაეჯიბრებიან. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ალექსანდრე სტუბმა 27%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო პეკა ჰაავისტომ ხმების 26% დააგროვა. პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლას გამოეთიშა მკვეთრად მემარჯვენე, პოპულისტი კანდიდატი, იუსი ჰალა-აჰო, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 19% მიიღო. ნიშანდობლივია, რომ ფინეთის საპრეზიდენტო კანდიდატები მეზობელ რუსეთს საფრთხედ აღიქვამენ, უკრაინის გვერდში დგომის სჯერათ და ძლიერი ნატო-ს ფარგლებში, თავდაცვისუნარიანი ფინეთის გულშემატკივრები არიან. ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს გაიმართება.


შვედეთის თურქული კურთხევა

იანვრის მიწურულს, თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრების ოქმის რატიფიცირება მოახდინა, რის შემდეგაც, დოკუმენტს თავისი ხელმოწერა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც დაასვა. შვედეთის ნატო-ში გაწევრებაზე თანხმობის სანაცვლოდ, ერდოღანის თურქეთმა აშშ-სგან 23 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 40 ერთეული ახალი თაობის F-16-ის სამხედრო თვითმფრინავის შესყიდვაზე ვაშინგტონის თანხმობა გამოივაჭრა. ახალი F-16-ების გარდა, ვაშინგტონმა მწვანე შუქი აუნთო შედარებით ძველი 80-მდე ერთეული F-16-ის მოდერნიზებისთვის საჭირო მოწყობილობის თურქეთისთვის მიყიდვას. ერდოღანის თურქეთი უკვე რა ხანია ცდილობს თავის საჰაერო ფლოტის განახლებასა და მოდერნიზებას. უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ნატო-ს გაფართოებამ კი, ხელსაყრელი პირობები შექმნა ვაშინგტონისგან თანხმობის გამოსავაჭრებლად. უნდა ითქვას, რომ ამ ახალი შესაძლებლობით პატივცემულმა ერდოღანმა მშვენივრად ისარგებლა.


ქიში და მატი?

ალბათ, რთული გამოსაცნობი არაა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის ნატო-ში გაწევრების ოქმის დამტკიცება – ორბანის უგრეთია. ვიქტორ ორბანმაც შეიტყო თუ არა შვედეთის თემაზე თურქეთის თანხმობის ამბავი, იმავე დღეს, შეუთვალა შვედეთის პრემიერს – იქნებ ბუდაპეშტში ჩამოხვიდე და ნატო-ს საკითხზე დავილაპარაკოთო. როგორც ჩანს, სტოკჰოლმში ორბანის უთავბოლო ვაჭრობა ყელში აქვთ ამოსული, ამიტომ მის მოწვევას საკმაოდ მკვახედ უპასუხეს – ამ თემაზე სალაპარაკო აღარაფერია, ჩვენი ნატო-ს ოქმი რა ხანია მანდ გაქვს და თუ გინდა, ხელი მოაწერეო. ამასობაში, ვიქტორ ორბანს, ნატო-ს თავკაცი, იენს სტოლტენბერგი ტელეფონით შეეხმიანა და მას შევდეთის საკითხზე პასუხი მოსთხოვა. ერდოღანისგან განსხვავებით, კუთხეში მომწყვდეულ ორბანს სავაჭრო აღარაფერი შერჩა, ამიტომ მან იენს სტოლტენბერგს  შვედეთის ნატო-ში გაწევრების ოქმის რატიფიცირება აღუთქვა. ასე რომ თებერვლის ბოლომდე, ნატო-ს მოკავშირეები ოფიციალური ბუდაპეშტისაგანაც ელოდებიან საბოლოო თანხმობის მიღებას შვედეთის ნატო-ს წევრობაზე.


ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო

გერმანიაში რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ქსელი გამოავლინეს, რომელიც ოლაფ შოლცის მთავრობის მიმართ, უკრაინის მხარდაჭერის გამო, საზოგადოებაში უკმაყოფილებისა და ბრაზის დათესვას ცდილობდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, შეისწავლეს დეკემბერ-იანვარში ინტერნეტ პლატფორმა X-ზე გამოდებული პოსტები და 50 ათასი ყალბი რუსული ანგარიში გამოავლინეს. გამოირკვა, რომ ამ ყალბი რუსული ანგარიშების მეშვეობით, “უკრაინის უთავბოლო მხარდაჭერის“ გამო, ოლაფ შოლცის მთავრობის “უგუნური პოლიტიკის” დაგმობის შემცველი მილიონზე მეტი გერმანულენოვანი პოსტი გავრცელდა. ამასთან, როგორც გაირკვა, ამ ყალბი ანგარიშების რუსულ არმიას ზურგს უმაგრებდა ავტორიტეტულ გამოცემებს მიმსგავსებული, ასევე ყალბი საინფორმაციო გვერდები და მათზე გამოდებული ყალბი ამბები. მოკლედ, რუსეთი თავის მავნე ჩვევებზე უარს არ ამბობს და გერმანელების ტვინის ასარევად ძალისხმევას არ იშურებს, რაც ბერლინშიც კარგად უწყიან.


Ил-76 და უკრაინელი ტყვეები

24 იანვარს, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, ბელგოროდის ოლქში, რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა Ил-76-ის ჩამოვარდნა მალევე დაადასტურეს და იქვე დაამატეს – ამ თვითმფრინავს 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადაჰყავდა გადასაცვლელად, რაც უკრაინულმა მხარემაც მშვენივრად იცოდა, მაგრამ თავისიანებიც არ დაინდეს და თვითმფრინავი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდესო. Ил-76-ის ჩამოგდება პრინციპში არ უარყვეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ყველას გასაგონად რუსებს უპასუხეს – მართალია ბელგოროდის თავზე მფრინავი რუსული ავიაცია ჩვენ სამიზნეს წარმოადგენს, მაგრამ სამხედრო ტყვეებსა და მათ უსაფრთხოებაზე ჩვენ არავის გავუფრთხილებივართ, სამხედრო ტყვეების უსაფრთხო ტრასპორტირება კი რუსეთის პასუხისმგებლობა იყოო. იმ დღეს დაგეგმილი ტყვეთა გაცვლა გაუქმდა, თუმცა დღემდე გაურკვეველია მართლა იმყოფებოდნენ თუ არა Ил-76-ის  ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები. მოგვიანებით, რუსეთმა საქმეში აშშ-ც გარია და გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ил-76 ამერიკული Patriot-ის სისტემის მეშვეობით იქნა ჩამოგდებული. როგორც ჩანს, მოსკოვი, ამ თემით, უკრაინაში ანტი-ამერიკული და უკრაინის შეიარაღებული ძალების საწინააღმდეგო განწყობების გაღვივებას ცდილობს. კიივი კი, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

მსგავსი/Related

Back to top button