ახალი ამბები

აშშ-მა „გრუ“-ს ოფიცრებს საქართველოზე კიბერშეტევისთვის ბრალი წარუდგინა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ პიტსბურგის სასამართლომ 15 ოქტომბერს ბრალი წაუყენა რუსეთის დაზვერვის (გრუ) ექვს ოფიცერს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კიბერშეტევაში მონაწილეობდნენ. მათ შორისაა ქართული სამთავრობო და კერძო კომპანიების ვებგვერდების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა, ასევე შეტევა საფრანგეთის 2017 წლის არჩევნებზე, უკრაინის სამთავრობო და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე და გაერთიანებული სამეფოს იმ ორგანოებზე, რომლებიც სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეს იძიებდნენ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთ-ერთმა რუსმა ჰაკერმა 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ვებსისტემაზეც განახორციელა ტექნიკური დაზვერვა და შეეცადა ქსელზე უკანონო წვდომა მოეპოვებინა. „გრუ“-ს სამიზნე ამერიკული ბიზნესკომპანიები და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაც გახდა, რამაც 1 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია.

„არცერთ ქვეყანას ასე ბოროტად ან უპასუხისმგებლოდ არ გამოუყენებია იარაღად საკუთარი კიბერშესაძლებლობები, როგორც ეს რუსეთმა გააკეთა, რამაც უპრეცედენტო ზიანი გამოიწვია, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას საკუთარი მცირე ტაქტიკური უპირატესობა მოეპოვებინა და ბოროტული ზრახვები დაეკმაყოფილებინა“, – განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ დემერსმა და დასძინა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა „გრუ“-ს ოფიცრებს ყველაზე დესტრუქციული კიბერშეტევების განხორციელებაში დასდო ბრალი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ის რუსეთის „უპასუხისმგებლო საქციელს“ გმობს და აცხადებს, რომ მისი კიბერსაქმიანობა საზოგადოების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტაბილურობის უგულვებელყოფის დემონსტრირებაა. მან მოუწოდა ქვეყნებს, რომელთაც მეტი სტაბილურობა სურთ კიბერსივრცეში, შეუერთდნენ აშშ-ს და დაეხმარონ „გრუ“-ს ოფიცრების გასამართლებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მიესალმა „ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, ამ თავზეხელაღებულ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად“. სამინისტრომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ის, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის“.

„საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button