ახალი ამბები

კომპანიას, რომელსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტი შეუწყვიტეს, ახალი კონტრაქტი გაუფორმდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს RTD-სთან იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე კონტრაქტი გააფორმა. შპს RTD ის კომპანიაა, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტი ვადაგადაცილების გამო შეუწყვიტა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2023 წლის 9 ნოემბერს გამოცხადდა. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა. კომპანია RTD, იმის გათვალისწინებით, რომ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მითითებული ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი, გამარჯვებულად გამოვლინდა 2023 წლის 22 დეკემბერს. ხელშეკრულება 18 იანვარს გაფორმდა, წერეთლის რეაბილიტაციის კონტრაქტის შეწყვეტიდან ორ დღეში.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარჯვებულის გამოვლენისას იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად და არ გააჩნდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ანდა ტენდერის შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი. ასევე, დეპარტამენტს არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. უფრო მეტიც, სწორედ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უარი იქნებოდა კანონდარღვევა“, – ნათქვამია დეპარტამემენტის განცხადებაში.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ სატენდერო დოკუმენტებში ნათლად ჩანს ტენდერის გამოცხადებისა და დასრულების ვადები, „ტელეკომპანიის წარმომადგენლები, კომპეტენტურ უწყებასთან გადამოწმების გარეშე, შეგნებულად ავრცელებენ არასრულ ინფორმაციას, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს – კვლავ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა და მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია“.

„ნეტგაზეთთისთვის“ მიცემულ კომენტარში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მერიამ RTD-ს შავ სიაში შეყვანა მოითხოვა, თუმცა ვინაიდან კომპანიამ ტენდერი შავ სიაში შეყვანამდე მოიგო, სამინისტროს კონტრაქტის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button