ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2023 წელს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 22 იანვარს შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში წარმოაჩენს ეროვნული კანონმდებლობის დარღვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევებს იმ 15 შეკრების მიმდინარეობისას, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა. კერძოდ, დოკუმენტში განხილული საკითხები მოიცავს აქციის დაშლისას სპეციალური საშუალებების გამოყენებას, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებების დარღვევას, საპროტესტო კარვის გაშლის აკრძალვას, საპოლიციო ძალების არაპროპორციული რაოდენობისა და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მონაწილეობას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

აქტივისტების დაკავება აქციების დროს

ანგარიშში საუბარია რამდენიმე შემთხვევაზე, როდესაც პოლიციამ აქტივისტები სხვადასხვა ადმინისტრაციული წესებისა და პროცედურების დარღვევით დააკავა. კერძოდ, ნახსენებია ლაზარე გრიგორიადის მამის, ბექა გრიგორიადის ადმინისტრაციული დაკავება, როდესაც ის ცდილობდა პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლას შვილის დაკავების გასაპროტესტებლად. ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, დაირღვა დაკავების პროცედურული ნორმები და ასევე ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გრიგორიადისმა პოლიცია გააფრთხილა, რომ კარვის გაშლას აპირებდა და პოლიციას დაკავებამდე უნდა გაეფრთხილებინა ის, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. გარდა ამისა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ „იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა სკვერში კარვის განთავსების აკრძალვის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი ნორმა, არ არსებობს ლეგიტიმური საფუძველი კარვის განთავსებისთვის პირის ადმინისტრაციული წესით დაკავებისთვის“.

ანგარიში ასევე იხსენებს 2 ივნისის საპროტესტო აქციას, რომელსაც ბექა გრიგორიადის დაკავება მოყვა, როდესაც რამდენიმე აქტივისტი ბანერებისა და ზოგიერთ შემთხვევაში ცარიელი ფურცლების ტარებისთვის დააკავეს.

დოკუმენტში ასევე ნახსენებია 29 მაისის შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო აქტივისტი ბეჟან წვიმიტიძე საპროტესტო აქციის მობილური ტელეფონით გადაღებისას დააკავეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მას დაკავების მიზეზი არ განუმარტეს, დაკავების შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო და მას ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მსგავს შემთხვევებს 7-9 მარტის საპროტესტო აქციების დროსაც ჰქონდა ადგილი.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულება, ლეგიტიმური, კანონიერი საფუძვლის გარეშე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლებაში და არ დაუშვას ამ უფლების არაპროპორციული შეზღუდვა. შესაბამისად, პოლიციამ აქციის მონაწილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კანონდარღვევის (მაგალითად, ძალადობრივი ქცევის) აღკვეთის აუცილებლობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში საუბარია აქციებზე არაპროპორციული რაოდენობით პოლიციელთა მობილიზების ტენდენციაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციებზე დამსწრე პოლიციელების რაოდენობა ან გადაჭარბებული იყო, ან საკმარისი რაოდენობა არ იყო მობილიზებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხაზს უსვამს პოლიციის მნიშვნელოვან როლს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაგეგმვის, მომზადებისა და ჩატარების ხელშეწყობაში და აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებზე დამსწრე პოლიციელების რაოდენობა უნდა განისაზღვროს საზოგადოებრივი წესრიგის სრული დაცვისა და პროტესტის მონაწილე პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით. ანგარიშში რამდენიმე შემთხვევაა ნახსენები, სადაც აშკარა იყო პოლიციის არაპროპორციული მობილიზება (ან ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა):

ანგარიშში ასევე საუბარია 2023 წლის „პრაიდ ფესტივალის“ ჩატარებაზე, რომელიც „ჩაიშალა მისი გამართვისას მოსალოდნელი რისკების არასათანადოდ შეფასების შედეგად“. „მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ პლატფორმების მეშვეობით დაორგანიზებული კონტრაქციისა და მოსალოდნელი ძალადობრივი ქმედებების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში იყო ხელმისაწვდომი, ,სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება და პრაიდ ფესტივალის მონაწილეები ვერ დაიცვა კონტრდემონსტრანტების აგრესიული ქმედებებისგან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

არაიდენტიფიცირებული პოლიციელები

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში დაკვირვებულ აქციებზე, უმეტეს შემთხვევაში, ფორმიან პოლიციელებთან ერთად, წარმოდგენილი იყვნენ პოლიციის უფორმო თანამშრომლები, რომელთა იდენტიფიცირება ძნელი ან შეუძლებელი იყო. ცენტრის თქმით, მათ კავშირი ჰქონდათ ფორმიან პოლიციელებთან და იმყოფებოდნენ აქციის მიმდებარედ. ადამიანის უფლებათა ცენტრის რესპონდენტების აზრით, „ასეთი პოლიციელების ამოცნობა მარტივია, რადგან გამოირჩევიან აქტიურობით, იწერენ აქციის მონაწილეთა საუბრებს, იღებენ ფოტოებს.“

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, აქციების ფასილიტაციის პროცესში მონაწილე პოლიციის ეკიპაჟებს აუცილებელია ეცვათ ფორმა ან შესაძლებელი უნდა იყოს მათი იდენტიფიცირება. „პოლიციელისათვის აღნიშნული ვალდებულების დაწესება უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომლებში პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

საპროტესტო კარვის გაშლის შეზღუდვა

ანგარიშში კვლავ საუბარია ბექა გრიგორიადის პროტესტზე, რომელსაც კარვის გაშლის უფლება არ მიეცა. ამასთან, გრიგორიადისს კარავი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხაზს უსვამს, რომ კარვის გაშლა მისი გამოხატვის თავისუფლების უფლების ნაწილია, რომელიც პოლიციამ უსამართლოდ დაარღვია. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და რომ მთავრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ამ უფლების შეზღუდვა, თუ ამის კანონიერი საფუძველი არსებობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს კანონმდებლობა, პროტესტის გამოხატვის მიზნით, კარვის გაშლის აკრძალვას არ ადგენს.

აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლა

აქციების მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში, სხვა საკითხთან ერთად, კვლევის საგანი იყო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლის მიზანშეწონილობისა და კანონიერების შეფასება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 7-9 მარტს პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე. ამ აქციებზე დაკვირვებით ანგარიშში გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, მათ შორის:

1. აქციის დაშლისას დაირღვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი;

2. მომიტინგეთა მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა;

3. სპეციალური საშუალებებით აქციის დაშლისას დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრი 7 მარტის საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წინასწარი გაფრთხილების გარეშე წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენების შემთხვევებს აღნიშნავს. ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ გაუმართლებელი იყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, როგორც ორგანიზაცია მიიჩნევს, მშვიდობიანი აქციის დასაშლელად. სპეციალური საშუალებები გამოიყენა პოლიციამ 8-9 მარტსაც, ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებში ჩანდა პოლიციელი, რომელიც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალების მიმართულებით ასხურებდა წიწაკის სპრეის, გამოვლინდა წიწაკის სპრეის წყლის ჭავლში შერევის შემთხვევაც.

ორგანიზაციის თქმით, ეუთოს სტანდარტების თანახმად, წიწაკის სპრეის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აქციის ცალკეულ მონაწილეთა მოსაგერიებლად, რომლებიც ძალადობრივად მოქმედებენ, და არა განურჩევლად აქციის ყველა მონაწილის მიმართ. ამასთან, აკრძალულია 1 მეტრზე ნაკლები მანძილიდან მისი გამოყენება. წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის თანადროული გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში არსებობს ადამიანის მიზანმიმართული დაზიანების საფრთხე.

აქციის მონაწილეების უსაფრთხოება

ანგარიშში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. დოკუმენტის თანახმად, 7-9 მარტის აქციებზე, სპეციალური საშუალებებით დაშლისას, იმ პირების უსაფრთხოებას დაემუქრა საფრთხე, მათ შორის ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც არ იქცეოდნენ აგრესიულად და მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს. რაც შეეხება ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის აქცია-მსვლელობას, ანგარიშში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეებმა ქვების სროლით სხვა ადამიანების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნეს.

პრაიდ ფესტივალთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება და პრაიდ ფესტივალის მონაწილეები ვერ დაიცვა კონტრდემონსტრანტების აგრესიული ქმედებებისგან“. ამასთან, „კონტრდემონსტრანტების აგრესიის გათვალისწინებით, ფესტივალის მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოება სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა“, ნათქვამია ანგარიშში.

რეკომენდაციები

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს რამდენიმე ინსტიტუტს, გააძლიერონ ძალისხმევა გამოხატვის თავისუფლების უფლების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს საქართველოს პარლამენტს თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესებისგან, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღების, ანდა ასეთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

ადამიანის უფლებათ ცენტრი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან, საპროტესტო აქციის მონაწილე აქტივისტების მიმართ ჩადენილ ძალადობასთან ანდა არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version