პირველი რესპუბლიკის სამი შობა-ახალი წელი
სანამ საბჭოთა ოკუპაცია სადღესასწაულო განწყობას დიდი ხნით ჩაკლავდა, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ სულ სამჯერ მოასწრო შობა-ახალი წლის აღნიშვნა. ოღონდ ახალშობილი რესპუბლიკისთვის არც ერთი ახალი წელი არ იყო ერთი რიგითი დღესასწაული. აქ ყოველი პირველი იანვარი მომავლის იმედს ნიშნავდა, იმედს, რომ ახალი წელი ახალგაზრდა ქვეყნის მშფოთვარე ისტორიაში მორიგ, უკეთეს ფურცელს დაწერდა.
ავტორი: ნანა ჭანტურია
„მესამე ახალ წელიწადს ხვდება საქართველო! მესამეთ აბარებს ისტორიას, თავის ცხოვრების წლის თავს, ჩვენი სახელმწიფო. და რაოდენ დიდია თითეული წელი! რაოდენ მღელვარეა იგი ყოველი ქართველისთვის!“ – წერდა გაზეთი “საქართველო” 1921 წლის 1-ლი იანვრის გამოცემაში. ამ დღეს, როგორც წესი, გაზეთები რესპუბლიკის განვლილ წელს აჯამებდნენ ხოლმე.
რესპუბლიკაში შობა-ახალი წლის უქმე დღეები – ანუ დღეები, “როდესაც მუშაობა არ შეიძლება” – 1918 წელს შედგენილი კალენდრით განისაზღვრა. ამ კალენდრის თანახმად, ახალ წელს პირველ იანვარს ზეიმობდნენ, შობა კი ორი დღის განმავლობაში, შვიდ და რვა იანვარს აღინიშნებოდა. ამასთანავე, შრომის სამინისტრო სახელმწიფო და კერძო დაწესებულებათა უფროსებს მოუწოდებდა, კათოლიკე თანამშრომლებისთვის უქმე დღეები 25 და 26 დეკემბერს მიეცათ, რათა მათაც შეძლებოდათ შობის თავიანთი წესით აღნიშვნა.
1919 წელი
დამოუკიდებელი საქართველო პირველივე ახალ წელს რთულ ვითარებაში შეხვდა. ერთი მხრივ, ქვეყანა ემშვიდობებოდა გარდამტეხ, დამოუკიდებლობის მომტან წელიწადს, მეორე მხრივ კი, ქართველებს დღესასწაულისთვის სამზადისი სომხეთთან ომის პარალელურად მოუწიათ, რაც მომავალს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდიდა. „ახალ სოციალურ – პოლიტიკურ მოვლენათა წელიწადი ისტორიას ისე ჰბარდება, რომ ყველა საქმეს მომავალ 1919 წელს ანდობს გადასაწყვეტათ და დასასრულებლათ: ნგრევა-რღვევის პროცესი ერთი მხრივ და აშენება-აგების პროცესი მეორე მხრივ”, – წერდა „საქართველოს რესპუბლიკა“ 1919 წლის 1-ელი იანვრის გამოცემაში. “ეს ორი მძიმე საქმე აიტანა 1918 წელმა, მაგრამ ორივე პროცესის კვანძი ჯერ არ გამოსკვნილა და 1919 წელს აქვს იგი მინდობილი“.
მიუხედავად ამისა, იმდროინდელ პრესას თუ გადავავლებთ თვალს, საერთო განწყობა მაინც ოპტიმისტური იყო. მართლაც, მხარეთა შეთანხმებამ სომხეთთან ომი სწორედ 31 დეკემბერს, 1919 წლის დადგომამდე ერთი დღით ადრე დაასრულა, რამაც დღესასწაულს კიდევ ერთი საზეიმო მიზეზი შემატა. „მაშ გისურვებ, ქართველო, რომ ახალი წელი გახდეს დასაწყისი საქართველოს ბრწყინვალე მომავლისა“, – ვკითხულობთ იმდროინდელ გაზეთში.
1920 წელი
1919 წელი წინა წლის მონაპოვრის შენარჩუნების წელი აღმოჩნდა. იმ დროს ელვის სისწრაფით ცვალებადი მსოფლიო რუკის ფონზე ახლად წარმოქმნილი რესპუბლიკის არსებობა მართლაც არ ყოფილა ცხადი პერსპექტივა. „ჩვენმა ხალხმა შეძლო შეენარჩუნებია ის, რაც მან წინა წელში მოიპოვა – ეს იყო და არის ჩვენი დამოუკიდებლობა“, – წერდნენ პრესაში წლის ბოლოს. ოპტიმიზმის პარალელურად კი, ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხე რესპუბლიკის ბედზე მოდარდეებს თავს მაინც ახსენებდა.
არსებობის პირველი სრული კალენდარული წელიწადი რესპუბლიკამ საზეიმო ღონისძიებებით დააგვირგვინა. ხეები სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად იყო მორთული. მუშათა კლუბებში საშობაო ზეიმები ტარდებოდა, სადაც ბავშვი მოსწავლეები შობის ხის გარშემო ცეკვა-თამაშებს მართავდნენ. საზეიმო კვირეულში საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვა მაშინაც პოპულარული იყო. მაგალითად, “დედათა და ბავშვთა დამხმარე საზოგადოებამ” შობის პირველ დღეს საქველმოქმედო მიზნით იაპონური ჩაის საღამო მოაწყო, ვერის მუშათა კლუბში კი ღარიბ ბავშვთა დასახმარებლად ღონისძიება “შობის ხე ბავშთათვის” იმართებოდა. ღონისძიებაზე დასწრება ბავშვებისთვის უფასო, ზრდასრულთათვის კი ფასიანი იყო.
საგაზეთო რეკლამა
1920
საგაზეთო რეკლამა
1920
გაზეთებში გამოქვეყნებული რეკლამებით თუ ვიმსჯელებთ, რესტორანში აღნიშვნის მსურველთ ჯავშანზე წინასწარ უნდა ეზრუნათ. ერთ-ერთი საახალწლო მენიუ, რომელშიც შედიოდა შემწვარი ორაგული, ზუთხი სალათით, შემწვარი გოჭი საწებლით, ბატკანი სალათით, ნაღები, ნაყინი, ხილი, ღვინო და ლიქიორი, ოთხი სულისთვის ათასი მანეთი ღირდა. მეწარმეები და დაწესებულებები კი თავიანთ კლიენტებს თავს გაზეთში გამოქვეყნებული მილოცვებით ახსენებდნენ.
განწყობა საზეიმო იყო, მოლოდინები კი დიდი: ერთწლიანმა შედარებითმა სტაბილურობამ მომავლის იმედი კიდევ უფრო გააძლიერა. “დამდგარი წელი ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იქნეს და იქნება კიდეც, როგორც გასული“, – ვკითხულობთ გაზეთებში.
1921 წელი
1921 წელს საქართველო ორი მკვეთრად განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ტენდენციით ხვდებოდა. ერთი მხრივ, 1920 წლის მანძილზე ევროპასთან ურთიერთობის განმტკიცების საქმემ წინ წაიწია. საქართველოს დელეგაციამ ევროპის სახელმწიფოებთან ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულების დადება მოახერხა, რაც ეკონომიკური წინსვლის იმედს აჩენდა. მაგრამ 1921 წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისს საბჭოთა ჯარებიც უახლოვდებოდნენ და რესპუბლიკის ყოფნა-არყოფნის საკითხი ისევ მწვავედ დადგა.
„თუმცა საქართველოს ირგვლივ ცაზე შავი ღრუბელი მოსჩანს, მაგრამ მომავალ წელში მაინც უფრო იმედანათ გადავდივართ, ვიდრე გადავედით განვლილ წელში“, – წერდნენ რესპუბლიკის გაზეთები.
საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის გამო, 1920-1921 წლის გასაყარზე წინ წამოიწია „ფრონტის საჭიროებებმა“. რესპუბლიკის მოქალაქეები ფრონტზე მყოფთათვის საშობაო შემოწირულებებს აგროვებდნენ. ამისთვის რესპუბლიკის ყველა კუთხეში ფრონტის დამხმარე მთავარმა კომიტეტმა “ფრონტის შობის ხეები” მოაწყო. თბილისში მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, “შობის ხესთან”, რომელიც სასახლის წინ იდგა, მიეტანათ „თეთრეულობა, თფილი ჩასაცმელი, წინდები, ხელთათმანები, თუთუნი, პაპიროსი, საპონი, ასანთი და სხვა“.
რესპუბლიკის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, საბჭოთა ოკუპაციასთან მებრძოლთათვის საშობაო შემოწირულობები “ფრონტის შობის ხესთან” მიეტანათ
ამავე მიზნით, 25 დეკემბერს რესტორან „არმაზში“ გაიმართა გრანდიოზული საქველმოქმედო საღამო „შობის ხე ფრონტის საჭიროებისათვის“. იმ დროის სხვა გამოჩენილ ხელოვანებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თამარ წერეთელი, ვერიკო ანჯაფარიძე, იასე ანდრონიკაშვილი, პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. წარმოდგენა მთელი თბილისის არტისტულ ძალებს აერთიანებდა და საგანგებოდ მორთულ რესტორანში „საერთო ცეკვა, შარჟი, ექსპრომტები, ყვავილები, შამპანიური, კრუშონი“ იყო წარმოდგენილი.
გაზეთ “საქართველოში” გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალ წელთან დაკავშირებით თბილისში არსებული რესტორნების, კლუბებისა და გასართობი დაწესებულებების მესაკუთრეებს ნება მიეცათ, დაწესებულებები პირველი იანვრის დილის 2 საათამდე არ დაეხურათ. ისევ აიკრძალა „ჩვეულებად გადაქცეული ახალი წლის სროლით შეხვედრა“, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი შინაგან საქმეთა მინისტრი “სასტიკი პასუხისგებით” იმუქრებოდა.
საიდან მოვიდა “ძველით ახალი წელი”
1920 წლის 25 დეკემბერს ფრონტის მთავარმა კომიტეტმა გამოუშვა ერთი დღის გაზეთი „ფრონტის შობის ხე“, სადაც პოლიტიკურ-საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა წერილები გამოქვეყნდა. კომიტეტი ყველას მოუწოდებდა, შეეძინათ გაზეთი, „რომლის წმინდა შემოსავალი მოხმარდება ფრონტს“.
1921 წლის პირველ იანვარს რესპუბლიკის ყველა გაზეთმა დაბეჭდა მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, საახალწლო მილოცვა საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი. „საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდადებულ დარაჯთ – სახელოვან ჯარს და გვარდიას მიულოცავ ახალ წელიწადს და ვუსურვებ წელსაც ისე მამაცურად მდგარიყვნენ თავის პოსტზე როგორც იდგნენ წინა წლებში“, – ვკითხულობთ მილოცვაში. გაზეთების თანახმად, ჟორდანია დიპლომატიურ მისიათა წარმომადგენლების საახალწლო მილოცვებს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში დღის პირველიდან სამ საათამდე იღებდა.
დღესასწაულის დასასრული
1921 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკა ახალ წელს ბოლოჯერ შეხვდა. მალევე დადგა ცივი თებერვალი და წითელმა არმიამ დღესასწაული და მასთან დაკავშირებული იმედები საბოლოოდ მოიპარა. 30-იანი წლების შუა რიცხვებამდე საბჭოთა კავშირში ახალ წელს არც აღნიშნავდნენ – იოსებ სტალინს საშობაო ნაძვის ხეებიც კი აუკრძალავს.
ნაძვის ხის ახალი წლის ატრიბუტად გამოყენება 1937 წლიდანღა განაახლეს, მაგრამ საბჭოთა კავშირში გაბატონებული აგრესიული ათეიზმის გამო, იგი აღარ იყო “შობის ხე”, როგორც მას ევროპული ქვეყნების მაგალითზე პირველ რესპუბლიკაში უწოდებდნენ. შეიცვალა ნაძვის ხის დეკორაციებიც. არ შეიძლებოდა მორთვისას რელიგიური სიმბოლიკის გამოყენება. თუკი ნაძვის ხის კენწეროში ვარსკვლავი უწინ ქრისტესშობის ვარსკვლავის სიმბოლო იყო, იგი ამიერიდან საბჭოთა ხუთქიმიანმა ვარსკვლავმა ჩაანაცვლა. რესპუბლიკის გაზეთებში კი ვხედავთ, რომ დამოუკიდებლობის პერიოდის ზეიმებისას ვარსკვლავი ბეთლემის ცაზე შობის დროს გამოჩენილი ვარსკვლავის ანალოგი იყო.