ახალი ამბები

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი საქართველოს სტუმრობს

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად 18 დეკემბერს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია, ამის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. ვიზიტის ფარგლებში, 19 დეკემბერს ნენსი ფეზერი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.

„შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები“, – ნათქვამია შსს-ს პრეს-რელიზში. „შეთანხმება ასევე ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ“.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც არალეგალური მიგრაციის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას“.

15 დეკემბერს გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომლითაც საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს დააჩქაროს თავშესაფრის განცხადებების განხილვა და ხელი შეუწყოს იმ პირების უფრო სწრაფ დეპორტაციას, ვიზეც უარი მოვიდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად იმ ქვეყნებს განსაზღვრავს, სადაც ზოგადად არ არსებობს სახელმწიფო დევნის შიში და სადაც სახელმწიფო იცავს საკუთარ მოქალაქეებს.

შსს-ს ინფორმაციით, „გერმანული მხარის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ წარმატებით ხორციელდება ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაცია“. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა.

შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც ხელმოწერილი შეთანხმების დეტალებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ხაზი გაუსვა გერმანიის როლს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გერმანიის მხრიდან, ყოველთვის ვგრძნობთ ამას“, – განაცხადა გომელაურმა. მან ხელმოწერილი შეთანხმების ზოგიერთი დეტალი განმარტა და აღნიშნა, რომ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში სამუშაოს პოვნის მეტ ლეგალურ შესაძლებლობას შეუქმნის. მისივე თქმით, ხელშეკრულების პროექტი მოიცავს დებულებებს არალეგალური მიგრაციის შემცირების, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისა და განათლების სფეროში გამოცდილების გაცვლის შესახებ“, – აღნიშნა გომელაურმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. „გერმანია ამას აქტიურად უჭერდა მხარს“, – განაცხადა ფეზერმა. მან ასევე ისაუბრა ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობაზე: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსი“. მან ყურადღება გაამახვილა მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის, არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის, დასაქმებისა და განათლების საკითხებზე. მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის საინფორმაციო კამპანია განხორციელდება, რის შედეგადაც ისინი გაიგებენ, რომ გერმანიაში თავშესაფრის მიღების შანსი დაბალია. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ მუშაკებისა და სპეციალისტების მოზიდვის პროცესი გაგრძელდება.

19 დეკემბერს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში და გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. „აღინიშნა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button