ახალი ამბები

ევროკავშირის ლიდერები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას ეხმიანებიან

14 დეკემბერს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მოლდოვასთან და უკრაინასთან და გარკვეული პირობით ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მოულოდნელი იყო არა მხოლოდ ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ ევროპული საბჭოს სხდომაზე დამსწრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებისთვისაც, რომლებიც რთულ დებატებს და შესაძლოა შეთანხმების მიუღწევლობასაც ელოდნენ. მთავარი დაბრკოლება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიცია იყო უკრაინისთვის მწვანე შუქის ანთებასთან დაკავშირებით, რომელმაც ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ უკრაინამ „არ შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები“.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ყველაზე ღიად ისაუბრა ჟურნალისტებთან სპონტანური შეთანხმების შესახებ, რომელმაც ევროკავშირს ჩიხის თავიდან აცილების საშუალება მისცა. მისი თქმით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი „გამოვიდა წინადადებით“, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დარბაზი დაეტოვებინა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში არ ესწრებოდა სხდომას, რამაც საშუალება მისცა 26 ლიდერს შეთანხმება გაეფორმებინა. პრემიერ-მინისტრმა რუტემ თქვა, რომ შოლცის შემოთავაზება „სრული მოულოდებლობა“ იყო და დასძინა, რომ მისი აზრით, ეს „ბრწყინვალე“ შემოთავაზება იყო და რომ მან „იმუშავა“.

საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების კომენტირებისას, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მთავარი გზავნილი იყო, რომ ევროკავშირმა მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნა საქართველოს და ახლა ყველაფერი თავად ქვეყნის გადასაწყვეტია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

„ეს ისტორიული მომენტია და აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, ევროკავშირის სიძლიერეს. მიღებულია გადაწყვეტილება, ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასა და მოლდოვასთან, საქართველოს სტატუსი მიენიჭა, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დავიწყებთ მოლაპარაკებებს და მარტში გამოქვეყნდება ანგარიში და მის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო

„ჩვენ გზავნილი გავუგზავნეთ უკრაინელებს, რომ რთულ დროს ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ გაღებულ ყველა მსხვერპლს, ვაფასებთ მათ მიერ გატარებულ ყველა რეფორმას. რეფორმების გაგრძელება ნიშნავს გაწევრიანების პროცესის დაწყებას, ეს ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მოსკოვისთვის, რომ რთულ დროსაც კი უკრაინელების გვერდით ვართ… და ეს გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მკაფიო… ჩვენ ვერ შეგვაშინებენ.

ვფიქრობ, გზავნილი, რომელიც ჩვენ ყველა ამ ქვეყანას ვუგზავნით არის ის, რომ ჩვენ ვაფასებთ გაწეულ ძალისხმევას და გავაგრძელებთ ამ გზას… ეს გრძელი გზაა და ბევრი რეფორმაა საჭირო, მაგრამ ვისაც სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, რომელიც უამრავ კეთილდღეობას ქმნის, რომელიც უზრუნველყოფს მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას – თუ საჭირო რეფორმებს განახორციელებთ, შეძლებთ, რომ იყოთ მისი ნაწილი“.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობის გზავნილი საქართველოსადმი

„მიიღეთ ეს, როგორც ძალიან სიმბოლური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ახლა თქვენზეა დამოკიდებული. ყველაფერი თქვენს ხელშია, თქვენ უნდა იმუშაოთ გულმოდგინედ და ბეჯითად, რათა ყველა საჭირო რეფორმა განახორციელოთ. და თუ თქვენ შეასრულებთ შეთანხმების თქვენს ნაწილს, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი და წევრი ქვეყნებიც იმავეს გააკეთებენ… ზოგჯერ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ზოგჯერ შეიძლება უფრო სწრაფად წავიდეს საქმე. მე მჯერა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, სადაც მოვლენები შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში იყო. ამიტომ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული შეასრულებთ თუ არა ამ სამუშაოს. რაც უფრო სწრაფად ივლით, მით უფრო სწრაფად გამოგყვებით“.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი

„პირველ რიგში, ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ხორვატიას სტუმრობდა და შევთანხმდით, რომ უფრო მტკიცედ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს ძალისხმევას. საქართველომ შეასრულა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები. დღეს იყო ძალიან მკაფიო და დიდი კონსენსუსი და ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი გზავნილია ქართველი ხალხისთვის. მთავარი რჩევაა, რომ გულმოდგინედ იმუშაოთ და გააგრძელოთ ევროპული გზა…“

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი

„ვფიქრობ, ნებისმიერი ქვეყნისადმი, მათ შორის საქართველოსადმი გზავნილი არის, რომ დარჩეთ რეფორმების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზაზე, თქვენი ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება და გათავისუფლება უზრუნველყოთ. ევროკავშირი ჩვენი საერთო ევროპული სახლია. წევრობა არ მოხდება ერთ ღამეში ან თუნდაც რამდენიმე წელიწადში, მაგრამ ყველა ეს ქვეყანა ახლა მტკიცედ დგას ამ გზაზე და ჩვენ მოუთმენლად ველით მათ გაწევრიანებას მომავალ წლებში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button