ახალი ამბები

ქართველი პოლიტიკოსები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიესალმებიან

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას და მოსახლეობას ეს მიღწევა მიულოცეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას „საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს ლიდერებს „საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა და საქართველოს სტატუსის მიღება მიულოცა. „ჩვენ დღეს ვიმკით იმ შრომის შედეგებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურები ეწეოდნენ იმისთვის, რომ ევროპულ საბჭოს ჰქონოდა ერთდაერთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი… ძალიან მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მინდა მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება… ევროკავშირი ძალიან მკაფიოდ დგას გაფართოების გზაზე, ეს ის გზაა, რომელსაც საქართველო ახლა უკვე საბოლოოდ შეუდგა, მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება დღეს უკვე მიღებულია, ის ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარა, რომელზეც იყო საუბარი, საქართველომ უკვე გამოიყენა. ახლა წინ არის მუშაობა, რომელიც ბევრი ეტაპისგან შედგება და საქართველოს მოსახლეობა მინდა დავარწმუნო, რომ საქართველოს ხელისუფლება ასევე წარმატებული იქნება ყველა ამ ეტაპის გავლაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო მზადაა იმუშავოს ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან, რათა ქვეყანა საბოლოო მიზნამდე – ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანოს“.

ოპოზიცია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და საქართველოს ევროპულ გზაზე დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს წვლილს გაუსვა ხაზი. „მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება და ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში პოლიტიკური პატიმრები არ გვეყოლება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა და დასძინა: „წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ასევე მიულოცა ქართველ ხალხს და აღნიშნა: „დღეს მართლაც ძალიან დიდი და ისტორიული დღეა! დღეს არის დღე, როდესაც ევროკავშირმა უპრეცენდენტო, საგამონაკლისო წესი დაუშვა ჩვენთან მიმართებაში – საქართველო, რომელსაც არ აქვს სახმელეთო კავშირი ევროკავშირთან, მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა“.

დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ მიულოცა საქართველოს და განსაკუთრებით უკრაინას, რადგან „უკრაინამ გახსნა ყველასთვის ეს შესაძლებლობა“. მისი თქმით, სტატუსი ნიშნავს თითოეული მოქალაქის მეტ კონტროლს ხელისუფლებაზე, ეკონომიკურ წინსვლას, მაღალ სტანდარტს განათლებაში, გარემოს დაცვის, სოციალურ სფეროში. „ეს არის შანსი წავიდეთ წინ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს“, – აღნიშნა მან.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა იმედი გავამართლოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში და დავიწყოთ სერიოზული შრომა ევროპული მომავლისთვის და ევროპული პოლიტიკა ვაწარმოოთ.  ეს ნიშნავს დიალოგს, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დაპირისპირებას, მაგრამ სიძულვილის გარეშე“.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდია ასევე მიულოცა საქართველოს წარმატება და აღნიშნა, რომ ეს არის მთელი ქვეყნის ზეიმი და არა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის.   

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი! დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად“.

დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „ევროოპტიმისტებიდან“ განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც გულისხმობს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ძალიან სწრაფ პროცესს. ახლა ძალიან სერიოზული სამუშაოა გასაწევი, ეს არის რეფორმები, პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა”. 

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button