ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე უნგრეთში გაემგზავრა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 5 დეკემბერს ოთხდღიანი ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა. ვიზიტს წინ უძღოდა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ბოლოდროინდელი განცხადება, რომ „ევროპული საბჭოს დეკემბრის დღის წესრიგში ამის ადგილი არ არის“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერა, სადაც მოითხოვს ევროკავშირის პოლიტიკის გადახედვას უკრაინასთან მიმართებით და იმუქრება, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს და დაბლოკავს უკრაინისთვის დაგეგმილი 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ორბანის წინააღმდეგობა სცილდება უკრაინას და საფრთხეს უქმნის გაფართოების მთელ პაკეტს, რამაც შესაძლოა საქართველოს სტატუსსაც შეუქმნას საფრთხე.

საქართველოს დელეგაციის წევრები ასევე არიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.

7 დეკემბერს, ირაკლი კობახიძე ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იანოშ ლატორცაის შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში უნგრეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.

ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ირაკლი კობახიძემ მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს დელეგაცია ასევე შეხვდება უნგრეთის ვიცე-პრემიერ შემიენ ჟოლტს, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ჯუდიტ ვარგასს და ევროკავშირის საქმეთა მინისტრს იანოშ ბოკას.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button