ახალი ამბები

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა 

საქართველომ 5 ოქტომბერს კახეთის რეგიონის სოფელ წინანდალში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა, სადაც მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სამ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას „უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის“.

აღნიშნა რა, რომ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიზანი „ერთობლივი ძალისხმევით“ რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა აღნიშნა, რომ „კავკასიის მნიშვნელოვან ქვეყანაში, საქართველოში გამართული შეხვედრა ჩვენს ქვეყნებსა და შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“.

აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ ენერგოწყაროების, მათ შორის ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოების და მსოფლიოს სხვა ნაწილებში ტრანზიტის კუთხით, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ამ რეგიონის სტაბილურობა და სიმშვიდე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ რეგიონის ყველა სხვა ქვეყნისთვის“.

თვის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაქირ ჰასანოვმა მინისტერიალს „სამ ქვეყნას შორის სტრატეგიული დიალოგის თვალსაჩინო მაგალითი“ უწოდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ერთობლივი წვრთნების გამართვა სამმხრივი აქტივობების ფარგლებში ახალი ეტაპზე გადასვლას დაუდებს საფუძველს“ და „რეგიონულ უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“.

მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო, რომელშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარებოდა და კრიზისული სიტუაციის დროს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეხვდა

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ცალკე შეხვედრები გამართა თავის თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან ჰასანოვთან შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესახებ, ასევე საქართველოში მრავალეროვნულ სწავლებაში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობის შესახებ ისაუბრეს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების შესახებ ისაუბრეს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. თურქეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა სამხედრო წვრთნისა და თავდაცვის ინდუსტრიის სფეროებში თანამშრობლობის ზრდის საჭიროებას გაუსვეს ხაზი.

მეცხრე სამმხრივი მინისტერიალი თურქეთში 2022 წელს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button