ახალი ამბები

ვენეციის კომისიის მაღალი დონის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

15-დან 17 ნოემბრის ჩათვლით, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია, კომისიის ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ ფრენდოს და კომისიის გენერალური მდივნის სიმონა გრანატა-მენგინის ხელმძღვანელობით, თბილისში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. დელეგაცია უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს. 16 ნოემბერს დელეგაციამ ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

„22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა ვენეციის კომისიის მოსაზრებები ცალკეული კანონების, მათ შორის საარჩევნო კოდექსის, სპეციალური საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის სამსახურების, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ და დასძინა, რომ „კომისიის მომხსენებლები ამჟამად თბილისში იმყოფებიან და შესაბამისი მოსაზრებების მომზადების ფარგლებში შეხვედრებს მართავენ დაინტერესებულ მხარეებთან“.

შეხვედრა პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და ვენეციის კომისიის დელეგაციას შორის 16 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, „მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით“. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს კანდიდატის სტატუსი იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის განხილვის მთავარი თემა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფრომაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს, სიმონა გრანატა-მენგინის „კონსტრუქციული თანამშრომლობისთვისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის“.

„როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ პროცესში ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის დელეგაციას 16 ნოემბერს შეხვდა. „ხაზი გაესვა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის რეგულარული კომუნიკაციის მნიშვნელობას კანონპროექტის მომზადებისა და მიღების ყველა ეტაპზე. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს“, – აცხადებს პარლამენტი.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ვენეციის კომისიის მოსაზრებებს სხვადასხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიას და ხელს უწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. მზად ვართ გავაგრძელოთ რეგულარული დიალოგი და მოსაზრებების მნიშვნელოვანი გაცვლა“, – დაწერა პაპუაშვილმა Twitter-ზე.

შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან

16 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ვენეციის კომისიის დელეგაციის შეხვედრის მთავარი თემა ის კანონპროექტები იყო, რომლებზეც საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მიიღო.

„საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობა აკავშირებს და კომისიაში კანონპროექტების გაგზავნის ფაქტები ხშირია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ძალიან მაღალია რეკომენდაციების გათვალისწინების მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ. „შეხვედრაზე ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებსაც შევეხეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიც არის სასამართლოს საკითხები და საარჩევნო თემატიკა და ამ საკითხებზე დეტალური დისკუსია გავმართეთ“.

შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე 16 ნოემბერს ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საარჩევნო კოდექსთან, ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

​„ჩვენ დავაინიცირეთ ცესკოს წევრების არჩევის კვორუმთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. ცვლილების თანახმად, ცესკოს წევრების არჩევა უნდა მოხდეს 90 ხმით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უკვე – 76 ხმით. ეს საკითხი დასკვნისთვის გაგზავნილი გვაქვს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიაში. ასევე, ვისაუბრეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებულ იმ საკანონმდებლო მექანიზმებზე, რომლითაც ჩვენ ეს ორივე უწყება გავაძლიერეთ. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ აინტერესებდათ კონკრეტული საკითხები, იმისთვის, რომ შეძლონ დასკვნის მომზადება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან

16 ნოემბერს, დელეგაციის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ვენეციის კომისიას აინტერესებდა ოპოზიციის მოსაზრებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალური და მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილში. სასამართლო რეფორმასთან, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები“, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ „ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საარჩევნო კოდექსი და მასში ბოლო პერიოდში ხშირად განხორციელებული სხვადასხვა ცვლილება. ვისაუბრეთ ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფაზე“. სამნიძის თქმით, „მათი ვიზიტის მიზანია მაქსიმალურად მიიღონ ინფორმაცია როგორც ოპოზიციიდან ასევე ხელისუფლებიდან და ამის მიხედვით გააკეთონ კონკრეტული დასკვნები“.

„ჩვენი მხრიდან ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება ყველაზე მაღალი ხარისხის შეფასების ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში და შემდეგ უკვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 15-16 დეკემბერს იქნება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც შეეხება საარჩევნო ცვლილებებს, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას, იმ ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში და ზოგადად მთელ კონტექსტს, რომელიც უკავშირდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

„შეხვედრაზე სამ საკითხზე იყო საუბარი. პირველი ეს არის: „საარჩევნო კოდექსი“ და შესაბამისად, ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო. მეორე საკითხი იყო კორუფციული და ანტიკორუფციული საქმიანობა და ცხადია, ყველა თანხმდება დღეს, რომ აბსოლუტურად უფუნქციოა ის ახალი ბიურო, რომლის ხელმძღვანელობასაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ასევე ვისაუბრეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე და მონაცემთა დაცვის ინსპექტორზე“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე, „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე, და „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

შეხვედრა ანტი-კორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან

15 ნოემბერს, ანტი-კორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა. „კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიანობაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელზე, ასევე ბიუროს ინსტიტუციურ და ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა ანტიკორუფციული პოლიტიკის გამჭვირვალობის მნიშვნელობას“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

პრესკონფერენცია

„ვენეციის კომისია საქართველოში ჩამოვიდა, რათა აჩვენოს თავისი ერთგულება საქართველოს, ასევე საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მუდმივი გაუმჯობესების მიმართ“, – განაცხადა კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრენდომ 16 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მათ „ასევე ისაუბრეს იმ რეკომენდაციების მნიშვნელობაზე, რომელსაც ვენეციის კომისია თავის მოსაზრებებში იძლევა“.

ფრენდომ აღნიშნა, რომ კომისია იძლევა მითითებებს და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს გზები ამ მითითებების შესასრულებლად. „ჩვენ ასევე მივუთითებთ კონკრეტულ წითელ ხაზებს“, – დასძინა მან. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ვენეციის კომისია მოსაზრებების შეთავაზების გზით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე.  

ვენეციის კომისიის მდივანმა სიმონა გრანატა-მენგინიმ გაიმეორა ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „სავალდებულო ხასიათის არაა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვადგენთ წითელ ხაზებს“. მისივე თქმით, „ეს წითელი ხაზები ეფუძნება სტანდარტებს, რომლებიც სავალდებულოა“ და გამომდინარეობს ისეთი ინსტიტუტებიდან, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ან ევროპული კონვენცია და ინსტრუმენტები, რომლებიც სავალდებულოდ შესასრულებელ კანონს წარმოადგენენ.

„საარჩევნო რეფორმები, სასამართლო რეფორმები, ეს არის საკვანძო რეფორმები ქვეყნისთვის და აუცილებელია მათი გაზიარება შეძლებისდაგვარად“, – განაცხადა მდივანმა და დასძინა: „მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, მაგრამ პროცესი კონსულტაციას მოითხოვს“.

„როდესაც ვსაუბრობთ, კერძოდ, წინა მოსაზრებებში, სასამართლო და საარჩევნო სისტემაზე, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვსურს ვიხილოთ ყოვლისმომცველი რეფორმა. და ამით ჩვენ ვგულისხმობთ არა მცირე ცვლილებებს ინდივიდუალურ წესებში, არამედ გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, უმრავლესობამ, ოპოზიციამ გადახედოს მთელ სისტემას“, – განაცხადა ევროკომისიის წევრმა ეირიკ ჰოლმოვიკმა.

როდესაც დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონპროექტზე ვენეციის კომისიის უარყოფით შეფასებაზე დაისვა კითვა, კომისიის მდივანმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ ფულის არასათანადო გავლენა დემოკრატიულ პროცესებზე არ უნდა განიხილებოდეს კანონში, რომლის სამიზნეც კონკრეტული პირები არიან. „ჩვენ ვთქვით, რომ საჭიროა სისტემური მიდგომა“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button