ახალი ამბები

პოლიტიკოსები ვენეციის კომისიის მოსაზრებას ეხმიანებიან

ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მორიგ მოსაზრებაში მიესალმა ორგანულ კანონში 2023 წლის ივნისში, ასევე 2023 წლის სექტემბერში შეტანილ ზოგიერთ ცვლილებას, მაგრამ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაციები ჯერაც არ არის გათვალისწინებული“.

„სამოქალაქო საქართველო“ ვენეციის კომისიის მოსაზრებაზე პოლიტიკოსების რეაქციებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდი

გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნება“: „არცერთი ფაქტი, რომ სასამართლოში არსებობს პოლიტიკური მიკერძოება, ან არ არსებობს ნეიტრალური პოზიცია ან პროფესიონალიზმი, ასეთი მოსაზრება არსად წერია, არავის უთქვამს. კიდევ უფრო მეტიც, საქართველოს სასამართლო, მართლმსაჯულების სისტემა რეიტინგებში არის მოწინავე პოზიციებზე… შენიშვნები ჯერჯერობით გუნდში არ განხილულა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი რეფორმაა განხორციელებული, კიდევ ინიცირებულია არაერთი, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რას გულისხმობს ვენეციის კომისია, ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ თუკი ეს იმას გულისხმობს ისევ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყოს გადაწყვეტილებების მიღების ის მექანიზმი, ფორმულა, როცა ნაწილი 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას, მეორე ნაწილიც 2/3- ით და ესენი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, (ორმაგი 2/3 – ით ხდება გადაწყვეტილების მიღება), მე პირადად ჩემი მხრიდან ვაცხადებ, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გადაწყვეტილებების ვერ მიღების ფორმულა, თუ ამაზეა საუბარი. მე ჩემ პოზიციას ვამბობ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩიხში შემყვანი ფორმულა, მაგრამ ამ თემაზე იქნება მსჯელობა და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. მე მიმაჩნია, რომ ეს ფორმულა არ იმუშავებს, ჩვენ გვინდა ქმედითი სასამართლო და არა ჩიხში შემყვანი ფორმულირებები“.

მიხეილ სარჯველაძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნება“: „დიდი ხანი რომ არ დავკარგოთ იმის თვლაზე, მეტი შესრულებულია, თუ ნაკლები, შეიძლება ჭიქის სავსეობის მსგავსად ვთქვათ და ნაწილი რომ შესრულებულია, ამაზეც ყურადღება გავამახვილოთ… თუკი შინაარსობრივად გავეცნობით ვენეციის კომისიის დასკვნას, მე ვფიქრობ, არც თუ უმნიშვნელო ნაწილებია, რომელთან დაკავშირებით, პოზიცია ერთმნიშვნელოვანია და თვლიან, რომ არის შესრულებული რეკომენდაციები და თვლიან, რომ გაუმჯობესებაა კანონმდებლობაში ამ თვალსაზრისით“.

ოპოზიცია

მიხეილ დაუშვილი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“: „ვენეციის კომისიამ გვითხრა, რომ გარკვეული საკითხები ოცნების მხრიდან შესრულებულია, რასაც არც ჩვენ უარვყოფთ და პირდაპირ ვამბობთ, მაგრამ ვენეციის კომისიამ ცალსახად და მკაფიოდ თქვა, რომ ის ძირითადი რეკომენდაციები, მათ შორის… იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა, ეს რეკომენდაცია, ეს გამოწვევა  ჯერ კიდევ შეუსრულებელია და ამას სახელმწიფოს მხრიდან ადექვატური პასუხი სჭირდება. ამიტომ ჩვენი შეფასებაა, რომ სამწუხაროდ ოცნებას ჯერ კიდევ, ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმებია… მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში… ჯერ კიდევ შეუსრულებელი აქვს“.

პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“: „რაც შეეხება ვენეციის კომისიის შეფასებას,  ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესრულებული არ არის. ჩვენ ვნახეთ პროპაგანდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ოპოზიციას თურმე რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი, რათა სტატუსი ვერ მივიღოთ. ხელისუფლება რომ რეკომენდაციებს არ ასრულებს და ამის გამო შესაძლოა, სტატუსი ვერ მივიღოთ, ეს ყოფილა, თურმე, ოპოზიციის დაგეგმილი. ძალიან მარტივი საკითხია, შეასრულეთ რეკომენდაციები და არანაირი შეთქმულება არ იქნება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button